„მძიმე მუხლებით“ მსჯავრდადებულები დანაშაულს ფრონტზე "სისხლით გამოისყიდიან" - პესკოვი

დმიტრი პესკოვი, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთში მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პირები უკრაინის ფრონტზე "სისხლით გამოისყიდიან თავიანთ დანაშაულს“. ასე უპასუხა მან რადიო "კომერსანტის" კითხვას ერთ-ერთი მსჯავრდადებულის, ვლადისლავ კონიუსის შეწყალებაზე. მას თავისუფლების 17 წლით აღკვეთა ჰქონდა მისჯილი ვერა პეხტელევას მკვლელობისთვის, მაგრამ უკრაინის ომში მონაწილეობის შემდეგ იგი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლეს.

პესკოვმა ოფიციალურად პირველად აღიარა მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდადებულთა საომრად გადაბირება, რასაც პრეზიდენტის შეწყალება მოჰყვა. მან პირდაპირ განასხვავა ჩვეულებრივი, კანონით დადგენილი შეწყალების პროცედურა და ომში წასული პატიმრების შეწყალება.

პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებით, შეწყალების ორი გზა არსებობს: პირველი გადის დანაშაულის აღიარებაზე და შემდეგ ერთვება ფედერალური პენიტენციური სამსახურის, რეგიონის, ფედერალური ოლქის, ცენტრალური კომისიისა და პრეზიდენტის დონეზე მიღებული გადაწყვეტილებები. მეორე გზაა, როდესაც მსჯავრდადებულები "ბრძოლის ველზე, ტყვიების და ჭურვების ქვეშ სისხლით გამოისყიდიან დანაშაულს“. მაგრამ პესკოვს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ საკანონმდებლო ნორმას ეყრდნობა ეს „მეორე გზა“.

ახლახან გამოცემა "სააგენტომ" გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმად, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, 2022 და 2023 წლებში, რუსეთში მკვლელობისთვის ნასამართლევი სულ მცირე 17 ადამიანი შეიწყალა. ყველა მათგანი მონაწილეობდა უკრაინის ომში და ფრონტიდან გათავისუფლებული დაბრუნდა. მათგან ზოგიერთმა შემდეგ ახალი დანაშაული ჩაიდინა.

ასევე ნახეთ

უკრაინაში საომრად წავიდა და დაიჭრა ქრთამის აღებისთვის მსჯავრდადებული პირი, ხაკასეთის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე

უკრაინაში საომარი კამპანიის დასაწყისში მსჯავრდადებულების გადაბირებას კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ აწარმოებდა, შემდეგ კი მათ პირდაპირ ომში წაყვანას ხელმძღვანელობდნენ თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული „შტორმ Z-ის" რაზმები. არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია ამ დანაყოფების მიერ განცდილ დიდ დანაკარგზე. აღნიშნული ქვედანაყოფები ფრონტის ხაზზე გამოიყენება, როგორც მეორე მსოფლიო ომისდროინდელი საჯარიმო ბატალიონები.