უკრაინაში საომრად წავიდა და იქ დაიჭრა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ნასამართლევი ყოფილი ჩინოვნიკი, ხაკასეთის (რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, შედის ციმბირის ფედერალური ოკრუგის შემადგენლობაში) ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, რომელიც სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იხდიდა. ამის შესახებ გამოცემა 19rusinfo იტყობინება.
გამოცემის თანახმად, ნოვიკოვი აბაკანის კოლონიის სხვა პატიმრებთან ერთად წავიდა უკრაინაში, ხოლო 11 ოქტომბერს ლუგანსკის რეგიონში მაკეევკასთან თავდასხმის დროს ფეხებში დაიჭრა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
2021 წელს მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო კონტრაქტორისგან განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის მიღებაში. ადგილობრივი ინტერნეტგამოცემების თანახმად, კოლონიაში ნოვიკოვი მსჯავრდადებულთა იმ ჯგუფის ბრიგადირი იყო, რომელიც ევროპაში ექსპორტისთვის ლანდშაფტის ქვებს ამზადებდა.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ბევრი მსჯავრდადებული ყოფილი მოხელე წავიდა ომში, რათა მიეღწია ვადამდელი გათავისუფლებისთვის. მიმდინარე წლის ივნისში ფრონტზე დაიღუპა ქრთამისთვის ნასამართლევი ალექსანდრ მელნიკოვი, რომელიც იყო სვერდლოვსკის ოლქის ქალაქ არამილიის ყოფილი ვიცე-მერი, დაიღუპა ასევე კრასნოიარსკის სოციალური პროექტების რეალიზაციის ცენტრის ყოფილი თავმჯდომარე მაქსიმ ბარხატოვი.
უკრაინაში საომარი კამპანიის დასაწყისში მსჯავრდადებულების გადაბირებას კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ აწარმოებდა, შემდეგ კი მათ წაყვანას პირდაპირ ომში ხელმძღვანელობდნენ თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული „შტორმ Z-ის" რაზმები. არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია ამ დანაყოფების მიერ განცდილ დიდ დანაკარგებზე. აღნიშნული ქვედანაყოფები ფრონტის ხაზზე გამოიყენება, როგორ მეორე მსოფლიო ომისდროინდელი საჯარიმო ბატალიონები.