რუსეთი ქართული კონიაკის ნედლეულის იმპორტისთვის პირობების გამარტივებას აპირებს

ფოტო არქივიდან: სომხური კონიაკის მაღაზია

საქართველოდან რუსეთში კონიაკის დისტილატის იმპორტი შესაძლოა გამარტივდეს, რათა თავიდან აიცილონ სასმლის საწარმოებლად საჭირო ნედლეულის დეფიციტი. როგორც „იზვესტია“ წერს, ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ალკოჰოლისა და თამბაქოს ბაზრების კონტროლის ფედერალური სამსახურის (Росалкогольтабакконтроль) განმარტებაში.

რუსეთის ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საქართველოდან დისტილატის იმპორტის გამარტივების საკითხს მთავრობაში ახლა განიხილავენ.

ამჟამად რუსეთში იმპორტირებული ქართული ნედლეული სხვა ქვეყნების პროდუქტებთან შედარებით უფრო მკაცრ კონტროლს გადის. ფედერალური საბაჟო სამსახური კონიაკის დისტილატის თითოეულ პარტიას ცალ-ცალკე აფორმებს, რუსეთში ლაბორატორიული ტესტების ჩატარების შემდეგ. გარდა ამისა, მისი შეტანა რუსეთის ფედერაციაში მხოლოდ "როსპოტრებნადზორის" ინსპექტირებაგავლილ მწარმოებლებს შეუძლიათ.

მანამდე საქართველოდან კონიაკის დისტილატის შეტანის გამარტივება ნედლეულის დეფიციტის აღმოსაფხვრელად „Союзконьяк-მა" მოითხოვა. ორგანიზაციის მოსაზრებით, საქართველოდან მიწოდებაზე კონტროლის გამკაცრებამ გამოიწვია ის, რომ რუსეთში ქართული ნედლეული სომხური და ყაზახური პროდუქციის საფარქვეშ შედის. ინიციატივას Росалкогольтабакконтроль-მა დაუჭირა მხარი.

„კონიაკის დისტილატის მიწოდება, შუამავალი ლოგისტიკური და ფინანსური ხარჯების გვერდის ავლით სატრანზიტო ქვეყნებით (როგორიცაა სომხეთი), უშუალოდ მწარმოებლისგან, საქართველოდან, ეკონომიკურად უფრო მომგებიანია მიმღებისთვის“, - ნათქვამია რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ფედერალური სამსახურის წერილში.

ექსპერტები ასევე მიუთითებენ „რუსეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ბოლოდროინდელ გართულებაზე“, რაც შესაძლოა ყოფილიყო საქართველოდან პროდუქციის მიწოდებაზე კონტროლის შესუსტების განზრახვის მიზეზი.

„აქამდე კონიაკის დისტილატის მთავარი მიმწოდებელი სომხეთი იყო, ახლა კი რესპუბლიკიდან რუსეთში ნედლეულის მიწოდება შემცირდა“, - აღნიშნავს „მომხმარებელთა ინიციატივის“ ხელმძღვანელი ოლეგ პავლოვი.

ასევე ნახეთ სომხური კონიაკის შემოწმების მოტივით „ზემო ლარსზე“ გადამზიდავების ე.წ. საცობი წარმოიქმნა

ოქტომბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველო-რუსეთის საზღვარზე, საბაჟო-გამშვებ პუნქტ "ზემო ლარსთან", პრობლემები ექმნებოდათ სომხეთიდან რუსეთის მიმართულებით მოძრავ საავტომობილო გადამზიდავებს. მომხდარს რუსული მხარე რუსეთის ფედერაციაში მიწოდებული კონიაკის ხარისხის შემოწმებით ხსნიდა.