დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, გატაცებულ ლევან დოთიაშვილს 9 ნოემბერს გაათავისუფლებენ

კადრი გატაცებული ლევან დოთიაშვილის ცხინვალში მიცემული ჩვენების ვიდეოდან.

ოსური „სახელმწიფო" საინფორმაციო სააგენტო „რეს"-ი, დე ფაქტო უშიშროების კომიტეტზე დაყრდნობით იუწყება, რომ 6 ნოემბერს გატაცებულ ლევან დოთიაშვილს ხუთშაბათს, 9 ნოემბერს გაათავისუფლებენ.

დე ფაქტო „კაგებე" კვლავ აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეების ჯგუფმა „დაარღვია სამხრეთ ოსეთ-საქართველოს საზღვარი, გაუწია მესაზღვრეებს წინააღმდეგობა, რაც საფრთხეს უქმნიდა მესაზღვრეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას".

განცხადებაში განმარტებულია, დოთიაშვილის გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზები. „იმის გათვალისწინებით, რომ მომხდარზე გამოძიება ოპერატიულად და სრულად ჩატარდა, ასევე ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება დოთიაშვილის საქართველოში დეპორტაციის შესახებ", - აცხადებს დე ფაქტო „კაგებე".

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა ასევე გამოაქვეყნა ლევან დოთიაშვილის ჩვენების ვიდეო, რომელშიც ის ჰყვება ტაძართან მისვლისა და კარის გაღების შესახებ, თუმცა ვიდეოში არ არის თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ საუბარი.

7 ნოემბერს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტელევიზიამ გაავრცელა, სავარაუდოდ, მოკლული თამაზ გინტურის ტელეფონით გადაღებული ვიდეოკადრები.

კადრებში, რომელთა გადაღების თარიღი უცნობია, ჩანს, როგორ აღებდნენ თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის ნიშის კარს, რომელიც საოკუპაციო ძალების მიერ იყო აჭედილი. ვიდეოში ასევე ჩანს, როგორ ამტვრევს ლევან დოთიაშვილი კარს და როგორ შედიან ეკლესიაში თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი.

6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსმა სამხედროებმა დაკავების მცდელობისას სასიკვდილოდ დაჭრეს 58 წლის თამაზ გინტური. ცხინვალში უკანონო პატიმრობაშია გატაცებული, 33 წლის ლევან დოთიაშვილი.

თამაზ გინტურის ძმამ გივი (ნიკოლოზ) გინტურმა ჟურნალისტებს უთხრა რომ დაღუპულს ზურგში ორი ტყვია აქვს მოხვედრილი.

ასევე ნახეთ "მყიფე მშვიდობა", მკვლელობა კირბალის ეკლესიასთან და ზღვარი სიფრთხილესა და შეგუებას შორის

მოკლული თამაზ გინტურის ძმა გივი (ნიკოლოზ) გინტური ამბობს, რომ იცის მკვლელების ვინაობა. იგი მისთვის სანდო წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ თამაზ გინტური სასიკვდილოდ დაჭრა ორმა რუსმა ე.წ. მესაზღვრემ, რომელთაც აქვთ მაიორის წოდება.

ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის ნიშთან კირბალის, მეჯვრისხევის, ზერტის და ბერშუეთის მცხოვრებლები ყოველწლიურად რელიგიური რიტუალის შესასრულებლად მიდიოდნენ 2018 წლამდე. 2018 წელს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ეს ადგილი ოკუპირებულად გამოაცხადეს და ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე საგუშაგოც მოაწყვეს. 2018 წლის 30 მაისს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ "ცხელი ხაზის" მეშვეობით საქართველოს უსაფრთხოების სამსახური გააფრთხილა, რომ სალოცავში მისვლის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავებდნენ და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანდნენ.

ასევე ნახეთ ტყვიები ზურგში აქვს მოხვედრილი - საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ნათესავი

თბილისი საოკუპაციო ძალებისგან მოითხოვს 6 ნოემბერს გატაცებული ლევან დოთიაშვილის უპირობო გათავისუფლებას და ამავე დღეს დაღუპული თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეების დასჯას.

საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახში სამძიმარზე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

ასევე ნახეთ ზახაროვა გინტურის მკვლელობაზე: ევროკავშირი ცდილობს პასუხისმგებლობა რუსეთზე გადაიტანოს