სოფელ კირბალში მოკლული თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებმა. თამაზ გინტურს შაბათს, 11 ნოემბერს, დაკრძალავენ.
„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, არ შეიძლება, საქართველო ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ცხოვრობდეს.
„მივუსამძიმრებ ოჯახს და მთელ საქართველოს. პატრიოტი ადამიანი დავკარგეთ... ის მთელი სოფლისთვის, მთელი ამ უბნისთვის თვალისჩინივით, ყველა მას პატივს სცემდა და ყველას ყურადღებას აქცევდა. სოფელს და მთელ საქართველოს დააკლდა ეს ადამიანი. იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის.
ეს არის დიდი უსამართლობა, რაც ხდება ქვეყანაში. ამას სჭირდება ყურადღება. არ შეიძლება, რომ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ცხოვრობდეს ქვეყანა. 2-3 დღე გავა, მერე ისევ გაიტაცებენ, მოგვიკლავენ ჩვენს თანამემამულეებს", - უთხრა ჟურნალისტებს სოფელ კირბალში მყოფმა ვაშაძემ.
მისი თქმით, იმისთვის, რომ მოსახლეობა დაცული იყოს, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, აუცილებელია პოლიციის ბლოკ-საგუშაგოების და სათვალთვალო კამერების განთავსება.
„საქართველოს მოქალაქე დაცულად უნდა გრძნობდეს თავს თავის ქვეყანაში. თუ მკითხავთ, როგორ? ძალიან მარტივ საკითხს ვამბობ: აქ [სოფელ კირბალში] ბლოკ-პოსტი არ უნდა იდგეს, რომელიც დაიცავს ჩვენს მოქალაქეებს?! დავანებოთ თავი, საერთაშორისო ასპარეზზე რა საკითხი უნდა დააყენოს ხელისუფლებამ, როგორ უნდა დააყენოს. გეკითხებით, უნდა იყოს თუ არა ბლოკ-პოსტი, რომელიც უნდა იცავდეს საქართველოს მოქალაქეების...ბლოკ-პოსტი ის კი არ არის, რომ ომს ვიწყებთ, არამედ პრევენციაა, - განაცხადა ვაშაძემ და დაამატა, - მარტო დავით ქაცარავა [ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი] რომ შემოვა ამ სოფელში და უკან დაჰყვება მთელი პოლიცია, ასე ხომ არ შეიძლება, ქვეყანა იმართებოდეს? რატომ არ უნდა იდგეს კამერები?! ახლა ზემოდან რუსმა ჯარისკაცმა გაისროლოს, რომელი ხართ დაცული, მოსახლეობა დაცულია?! სოფელში 180 კაციდან 108 განატაცებია. ზოგი 1-2 წელი იჯდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საპატიმრო დაწესებულებაში. ჯარიმებს ახდევინებენ".
გიორგი ვაშაძეს იმედი არ აქვს, რომ თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეები დაისჯებიან. „რისი დასჯის იმედი, ხალხო! რაზე ვლაპარაკობთ?!“ - თქვა ვაშაძემ.
ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი ზარქუას თქმით, შესაძლებელია უსაფრთხოების ზომების გამკაცრება.
„ეს არის ტრაგედია, კიდევ ერთი ხელწერა ოკუპანტების. ხდება ჩვენი მოქალაქეების გატაცება, ზოგ შემთხვევაში ასეთი ტრაგედიით სრულდება. ბუნებრივია, ამას აქვს ერთი პასუხი, რომ ჩვენ, როგორც სხვა შემთხვევებში, რეაგირება გვექნება ადეკვატური. მიმდინარეობს გამოძიება. ყველა შესაბამის პლატფორმას გამოვიყენებთ, სადაც ხელი მიგვიწვდება, რომ დამნაშავეები იყვნენ დასჯილები. რაც შეგვიძლია, მაქსიმალურს ვაკეთებთ, მათ შორის, დაკავებული ადამიანების გასათავისუფლებლად,, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან. ჩვენ შეგვიძლია, რომ უსაფრთხოება მაქსიმალურად გავამკაცროთ", - თქვა ზარქუამ.
ბექა დავითულიანი, ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრი, აცხადებს: „ეს არის დიდი ტრაგედია. სახელმწიფოებრივი ტრაგედიაა ის, რაც მოხდა და ის, რაც ხდება ოკუპაციის სახით. ეს ტრაგედია აუცილებლად დასრულდება ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციით და გაერთიანებით. ბატონი თამაზის სახელით, ეს ქვეყანა აუცილებლად გაიმარჯვებს, აუცილებლად გახდება სუვერენული, ბოლომდე დამოუკიდებელი და ერთიანი, დეოკუპირებული. აუცილებლად დამნაშავეც პასუხს აგებს... შეიძლება, დღეს ამის შესაძლებლობა არ გვაქვს, მაგრამ გარწმუნებთ, აუცილებლად ჩვენ ამას მოვესწრებით, ამის შესაძლებლობა მოგვეცემა, მსხვერპლი არ დარჩება პასუხის გარეშე. ეს პასუხი იქნება ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, ჩვენი ქვეყნის ყველა მტრის ჯინაზე".
როგორც დავითულიანმა აღნიშნა, სოფელში სათვალთვალო კამერები დამონტაჟებულია, მაგრამ ის პრევენციისთვის საკმარისი არ არის. „გატაცებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სამწუხაროდ, ხდება. ბოლომდე ამისგან თავს ვერ დავიძვრენთ, იმიტომ რომ რუსეთის ჯარი დგას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე და ჩვენ, სამწუხაროდ, იმის ძალა არ გვაქვს, რომ ისინი, როგორც იმსახურებენ, გავაძევოთ ამ ქვეყნიდან... სათვალთვალო კამერები დგას სოფელში, მაგრამ ეს ბოლომდე პრევენციას ვერ ახდენენ".
6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსმა სამხედროებმა დაკავების მცდელობისას სასიკვდილოდ დაჭრეს 58 წლის თამაზ გინტური. ცხინვალში უკანონო პატიმრობაშია გატაცებული, 33 წლის ლევან დოთიაშვილი.
7 ნოემბერს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტელევიზიამ გაავრცელა, სავარაუდოდ, მოკლული თამაზ გინტურის ტელეფონით გადაღებული ვიდეოკადრები.
კადრებში, რომელთა გადაღების თარიღი უცნობია, ჩანს, როგორ აღებდნენ თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის ნიშის კარს, რომელიც საოკუპაციო ძალების მიერ იყო აჭედილი. ვიდეოში ასევე ჩანს, როგორ ამტვრევს ლევან დოთიაშვილი კარს და როგორ შედიან ეკლესიაში თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი.
მოკლული თამაზ გინტურის ძმა გივი (ნიკოლოზ) გინტური ამბობს, რომ იცის მკვლელების ვინაობა. იგი მისთვის სანდო წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ თამაზ გინტური სასიკვდილოდ დაჭრა ორმა რუსმა ე.წ. მესაზღვრემ, რომელთაც აქვთ მაიორის წოდება.
ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის ნიშთან კირბალის, მეჯვრისხევის, ზერტის და ბერშუეთის მცხოვრებლები ყოველწლიურად რელიგიური რიტუალის შესასრულებლად მიდიოდნენ 2018 წლამდე. 2018 წელს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ეს ადგილი ოკუპირებულად გამოაცხადეს და ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე საგუშაგოც მოაწყვეს. 2018 წლის 30 მაისს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ "ცხელი ხაზის" მეშვეობით საქართველოს უსაფრთხოების სამსახური გააფრთხილა, რომ სალოცავში მისვლის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავებდნენ და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანდნენ.
ასევე ნახეთ ტყვიები ზურგში აქვს მოხვედრილი - საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ნათესავითბილისი საოკუპაციო ძალებისგან მოითხოვს 6 ნოემბერს გატაცებული ლევან დოთიაშვილის უპირობო გათავისუფლებას და ამავე დღეს დაღუპული თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეების დასჯას.
საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახში სამძიმარზე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
ასევე ნახეთ ზახაროვა გინტურის მკვლელობაზე: ევროკავშირი ცდილობს პასუხისმგებლობა რუსეთზე გადაიტანოს