„გამოგვივა ორივეს დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა" - ზურაბიშვილი და ღარიბაშვილი პარიზში ფორუმს დაესწრებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლის წინ სიტყვით გამოსვლისას გამოეხმაურა პარიზში 10-11 ნოემბერს დაგეგმილ მშვიდობის ფორუმს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც.

ზურაბიშვილის განცხადებით, ღონისძიება კარგი საშუალებაა დეპოლარიზაციის მაგალითის მისაცემად.

„ხვალ მივემგზავრები პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი და სადაც მონაწილეობა უნდა მივიღო შარლ მიშელთან [ევროპული საბჭოს პრეზიდენტი] ერთად პანელში, რომელიც განიხილავს კრიზისებს და კონფლიქტებს. დავესწრები ამ ფორუმს, როგორც იყო დაგეგმილი. იმის გათვალისწინებით თუნდაც, როგორც ახლა დაიგეგმა, პრემიერიც დაესწრება. ამ მხრივ, ნებსით თუ უნებლიეთ, გამოგვივა ორივეს დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა", - განაცხადა ზურაბიშვილმა. მის სიტყვებს ათონელის ქუჩაზე შეკრებილი მოქალაქეების ოვაციები მოჰყვა.

ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრა.

მშვიდობის ფორუმი 10 და 11 ნოემბერს გაიმართება. საფრანგეთის დედაქალაქში დაგეგმილი ფორუმის მონაწილეებს შორის, ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების გარდა, არიან ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდერნი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ზურაბიშვილი, პროგრამის მიხედვით, შარლ მიშელთან ერთად მონაწილეობს პანელურ დისკუსიაში.