ბოლო არასრული სამი წლის განმავლობაში, 2020 წლიდან 2023 წლის 1 სექტემბრამდე, შინაგან საქმეთა სამინისტრო 7 332-მა თანამშრომელმა დატოვა საკუთარი განცხადების საფუძველზე - ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შსს-მ მიაწოდა. 4 ოქტომბერს მას ვკითხეთ, რომელი უწყებიდან (გენერალური ინსპექცია, კრიმინალური პოლიცია, საპატრულო პოლიცია, განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტი და ა.შ) და ქვეუწყებიდან (სასაზღვრო პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) რამდენმა თანამშრომელმა დატოვა საკუთარი პოზიცია და ვითხოვეთ, ეს მონაცემები წლების მიხედვით დაეწყოთ.
საჯარო ინფორმაციის წესით გამოთხოვილ ინფორმაციაზე ერთი თვის შემდეგ გვიპასუხეს, რომ საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა 7 332 დასაქმებული, თუმცა პარალელურად, ამავე პერიოდში შსს-ში მუშაობა დაიწყო 9 437-მა ადამიანმა.
"გასათვალისწინებელია, რომ სამინისტროს მასშტაბიდან გამომდინარე, თანამშრომელთა როტაცია, გადინება და ახალი კადრების მოძიება/დასაქმება მუდმივი და ბუნებრივი პროცესია", - წერია წერილში, რომელშიც არ არის დაზუსტებული, რომელი სტრუქტურიდან რამდენმა ადამიანმა დატოვა სამსახური და არც დროის მიხედვითაა მონაცემები ჩაშლილი.
ასევე ნახეთ რატომ ტოვებენ სამსახურს პოლიციელები? - შსს ახალ თანამშრომლებს ეძებსშინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში ჯამში 40 000-მდე ადამიანი მუშაობს. ბოლო წლების განმავლობაში სისტემატურად ლაპარაკობენ ამ უწყებიდან კადრების მაღალი გადინების პრობლემაზე - ყოფილი სამართალდამცველების ნაწილი ემიგრაციაში მიდის. 2022 წლის აგვისტოში, შსს-ს პრესსამსახური ამტკიცებდა, რომ ყოფილი თანამშრომლები სისტემაში არსებულ პრობლემებზე სხვა ქვეყნებში თავშესაფრის მიღების მოტივით ლაპარაკობენ. 2023 წლის თებერვალში კი მინისტრმა გომელაურმა პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ არ არის სიმართლე "ის, რომ რაღაც ტოვებენ და გარბიან ჩვენი პოლიციელები."