მოკლული თამაზ გინტურის ძმის თქმით, მას ეძებდნენ როგორც ომის მონაწილეს

გივი (ნიკოლოზ) გინტური საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმა

6 ნოემბერს საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმა გივი (ნიკოლოზ) გინტური სოფელ კირბალში მყოფ ჟურნალისტებს ეუბნება, რომ მოკლულს ორი ტყვია აქვს მოხვედრილი.

„მე ვნახე, მე ჩავაცვი, მე ჩავაწვინე. 2 ტყვია აქვს მოხვედრილი... 2008 წელს მონაწილეობდა ომში წოდებით მაიორი იყო და როგორც ვიცი ეძებდნენ, როგორც ომის მონაწილეს და დაიჭირეს კიდევაც, მეტი არაფერი ვიცი“, - ამბობს გივი გინტური.

ასევე ნახეთ ტყვიები ზურგში აქვს მოხვედრილი - საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ნათესავი

სუს-ის ცნობით გუშინ, 6 ნოემბერს, სოფელ კირბალის მიმდებარედ ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე სასიკვდილოდ დაჭრეს. ასევე, გატაცებულია ერთი მოქალაქე.

თბილისი საოკუპაციო ძალებისგან 6 ნოემბერს გატაცებული ლევან დოთიაშვილის უპირობო გათავისუფლებას და ამავე დღეს თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯას მოითხოვს.

ასევე ნახეთ შოკირებული ვარ რუსეთის ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის გამო - ბრიტანეთს ელჩი

საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახში სამძიმარზე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე განცხადება გამოაქვეყნა რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო „კაგებე"-მ. დე ფაქტო ვერსიის თანახმად: „ამ უკანონო ქმედებების ჩასახშობად და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის თავიდან ასაცილებლად, მესაზღვრეებმა ჰაერში გაფრთხილების მიზნით ისროლეს და კანონიერი მოთხოვნების დაუმორჩილებლობის შემდეგ, ცეცხლი გაუხსნეს ავტომანქანის საბურავებს". ამავე ცნობით, სროლის შედეგად ერთ-ერთი მათგანი მძიმედ დაიჭრა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, ქართულ მხარეს გადაიყვანეს, მეორე კი დააკავეს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საოკუპაციო ძალების მოქმედებებს საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა.

არჩილ ტატუნაშვილის შესახებ

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად. 23 თებერვალს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ ტატუნაშვილმა ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია და იარაღი წაართვა, მისი განეიტრალების მიზნით ძალის გამოყენებისას კი, კიბეზე დაგორდა და მოგვიანებით ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სავარაუდოდ, გულის უკმარისობით. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს 26 დღის შემდეგ, 20 მარტს გადასცა სოფელ ერგნეთთან მდებარე ე.წ. ნეიტრალურ ზონაში.

„ექსპერტიზის დასკვნით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულის სხვადასხვა მიდამოში 100-ზე მეტი დაზიანება აღენიშნებოდა. სამედიცინო ექსპერტიზა საუბრობს იმაზე, რომ ეს დაზიანებები მიყენებულია მრავალგზის, მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, რაც გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, არჩილ ტატუნაშვილი იყო ნაწამები და მისი გარდაცვალება გამოიწვია წამებამ“, - ამბობდა ოჯახის ადვოკატი, თამარ ავალიანი საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩატარებული ექსპერტიზის შესახებ.

გიგა ოთხოზორიას შესახებ

30 წლის გიგა ოთხოზორია ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის “მესაზღვრემ” - რაშიდ კანჯიოღლიმ მოკლა. შემთხვევა აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვართან 2016 წლის 19 მაისს მოხდა. საქართველოს პროკურატურამ რაშიდ კანჯიოღლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა 21 მაისს დაიწყო.

2018 წლის 11 იანვარს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაციასთან - ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC) - თანამშრომლობით გიგა ოთხოზარიას საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რუსეთის ფედერაცის წინააღმდეგ, საჩივრით მიმართა.