სოფელ კირბალში, თავის სახლში მიასვენეს 6 ნოემბერს საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული 58 წლის თამაზ გინტურის ცხედარი.
დაღუპულის ნათესავი, გიორგი დოლუაშვილი ჟურნალისტებს ეუბნება, რომ მოკლულის სამი ტყვია აქვს ზურგში მოხვედრილი, ის თავისსავე ავტომობილში დაიღუპა. რადიო თავისუფლება დამოუკიდებლად ვერ ამოწმებს ნათქვამის სიზუსტეს, შესაბამის უწყებებს ამ საკითხზე განმარტება არ გაუკეთებიათ.
„მოკლეს ალალ-მართალი კაცი, თავის მამის საფლავზე იყო... არ შეიძლება აქო და ესროლეს. მოკლეს. მანქანა ახლაც იქ გდია, სამგან აქვს ტყვია [ზურგში] მოხვედრილი, მანქანის სავარძელზე იყო მკვდარი, შიგ მანქანაში მოკლეს. უკნიდან არის ნასროლი, სულ დაცხრილულია მანქანა... იბრძოდა 2008 წლის აგვისტოს ომში, მაგარი მებრძოლი იყო“, -ამბობს, გიორგი დოლუაშვილი.
განახლება: მოგვიანებით თამაზ გინტურის ძმამ გივი (ნიკოლოზ) გინტურმა ჟურნალისტებს უთხრა რომ დაღუპულს ზურგში ორი ტყვია აქვს მოხვდერილი.
ჟურნალისტებთან საუბარში, 6 ნოემბერს გატაცებული 33 წლის ლევან დოთიაშვილის მამა იური დოთიაშვილი ჰყვება, რომ იმ ავტომობილის გადატანა შემთხვევის ადგილიდან, რომელშიც თამაზ გინტურთან ერთად იჯდა მისი ვაჟიც, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს დაავალეს. მისი ინფორმაციით ლევან დოთიაშვილს დაზიანებები არ აქვს.
„მანქანა წაიღეთო დაიძახეს, ლევანს ნაკაწრი არა აქვსო. დაჭრილი რომ, იყოს ვერ წაიყვანდნენ ფეხით, იმიტომ რომ ერთი 7 კილომეტრი გადასასვლელი და 7 კილომეტრზე დაჭრის ვერ წაიყვანდნენ ფეხით. ცხინვალშია და ველოდები ინფორმაციას“, - ამბობს იური დოთიაშვილი.
ასევე ნახეთ შოკირებული ვარ რუსეთის ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის გამო - ბრიტანეთს ელჩიის ამბობს, რომ მომხდარის შესახებ 112-ს ლევანმა მიაწოდა ინფორმაცია. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მას თამაზ გინტურის ტელეფონიდან დაარეკვინეს. იური დოთიაშვილის თქმით, ტელეფონზე ახლაც გადის ზარი მაგრამ არავინ უპასუხებს. ის იხსენებს იმას, როგორც მოხვდნენ მისი ვაჟი და თამაზ გინტური ლომისას წმინდა გიორგის ეკლესიის ნიშთან.
„თვითონ დაარეკვინეს ჩემს ბიჭს მიცვალებულის ტელეფონით 112-ში. მე კარგად ვარო, მიხედეთ დაჭრილია თამაზიო და წაიყვანეს, წითელი ქურთუკი ეცვა. მაღაზიაში სანთელი იყიდეს და წავიდნენ ეტყობა უნდა ელოცათ... გადასვლა რომ არ შეიძლება ყველამ ვიცით, მაგრამ ყველა ხომ ვერ ვემორჩილებით?! ნახირი დაგვყავს, მეც შევყოლივარ ტყეში საქონელს და სად არის ჩასაფრებული და სად იმალება რაც გაიგებ. მანდ მავთულხლართები არ არის, ბოძებზე წითელი ლენტები შებმული“, - ჰყვება იური დოთიაშვილი.
ამჟამად, სოფელ კირბალში, ლომისის ეკლესიის ქვედა პერიმეტრთან, სადაც ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტური ავტომობილი დგას, სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, მოკლული თამაზ გინტურის ოჯახში სამძიმარზე მიემგზავრება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
სუს-ის ცნობით გუშინ, 6 ნოემბერს, სოფელ კირბალის მიმდებარედ ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე სასიკვდილოდ დაჭრეს. ასევე, გატაცებულია ერთი მოქალაქე.
თბილისი საოკუპაციო ძალებისგან 6 ნოემბერს გატაცებული ლევან დოთიაშვილის უპირობო გათავისუფლებას და ამავე დღეს თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯას მოითხოვს.
თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე განცხადება გამოაქვეყნა რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო „კაგებე"-მ. დე ფაქტო ვერსიის თანახმად: „ამ უკანონო ქმედებების ჩასახშობად და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის თავიდან ასაცილებლად, მესაზღვრეებმა ჰაერში გაფრთხილების მიზნით ისროლეს და კანონიერი მოთხოვნების დაუმორჩილებლობის შემდეგ, ცეცხლი გაუხსნეს ავტომანქანის საბურავებს". ამავე ცნობით, სროლის შედეგად ერთ-ერთი მათგანი მძიმედ დაიჭრა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, ქართულ მხარეს გადაიყვანეს, მეორე კი დააკავეს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საოკუპაციო ძალების მოქმედებებს საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა.
არჩილ ტატუნაშვილის შესახებ
არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად. 23 თებერვალს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ ტატუნაშვილმა ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია და იარაღი წაართვა, მისი განეიტრალების მიზნით ძალის გამოყენებისას კი, კიბეზე დაგორდა და მოგვიანებით ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სავარაუდოდ, გულის უკმარისობით. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს 26 დღის შემდეგ, 20 მარტს გადასცა სოფელ ერგნეთთან მდებარე ე.წ. ნეიტრალურ ზონაში.
„ექსპერტიზის დასკვნით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულის სხვადასხვა მიდამოში 100-ზე მეტი დაზიანება აღენიშნებოდა. სამედიცინო ექსპერტიზა საუბრობს იმაზე, რომ ეს დაზიანებები მიყენებულია მრავალგზის, მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, რაც გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, არჩილ ტატუნაშვილი იყო ნაწამები და მისი გარდაცვალება გამოიწვია წამებამ“, - ამბობდა ოჯახის ადვოკატი, თამარ ავალიანი საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩატარებული ექსპერტიზის შესახებ.
გიგა ოთხოზორიას შესახებ
30 წლის გიგა ოთხოზორია ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის “მესაზღვრემ” - რაშიდ კანჯიოღლიმ მოკლა. შემთხვევა აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვართან 2016 წლის 19 მაისს მოხდა. საქართველოს პროკურატურამ რაშიდ კანჯიოღლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა 21 მაისს დაიწყო.
2018 წლის 11 იანვარს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაციასთან - ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC) - თანამშრომლობით გიგა ოთხოზარიას საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რუსეთის ფედერაცის წინააღმდეგ, საჩივრით მიმართა.