EUMM-ი საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე: უმკაცრესად ვგმობთ ძალის გამოყენებას ნებისმიერი ფორმით

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ავტომობილები. - საილუსტრაციო ფოტო

საქართველოს მოქალაქის მკვლელობას განცხადებით გამოეხმაურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) საქართველოში. ის ადასტურებს, რომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე მოხდა ინციდენტი, რომელმაც გამოიწვია საქართველოს მოქალაქის ტრაგიკულად გარდაცვალება. მისია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გარდაცვლილის ოჯახის და ახლობლების მიმართ.

როგორც განცხადებაში არის აღნიშნული, EUMM ყველა ჩართულ მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ ძალის გამოყენებას ნებისმიერი ფორმით და გამოვთქვამთ ჩვენს უკიდურეს შეშფოთებას სროლის ინციდენტის გამო, რომელსაც მოჰყვა ადამიანის გარდაცვალება. რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.

მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს თავშეკავების გამოჩენისკენ და შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად ყველა საჭირო ზომის მიღებისკენ. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ვითარებას და ვმუშაობთ დაძაბულობის განმუხტვაზე, მათ შორის, სროლის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის აქტიური გამოყენების გზით", - აცხადებს EUMM.

ასევე ნახეთ სუს-ის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე სასიკვდილოდ დაჭრეს

სუს-ის ცნობით, სოფელ კირბალის მიმდებარედ ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას ოკუპანტებმა ისროლეს და საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური სასიკვდილოდ დაჭრეს. ასევე, გატაცებულია ლევან დოთიაშვილი. თამაზ გინტური არის გორის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკოლოზ გინტურის ძმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. სამართალდამცველები ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

მომხდარს სააგენტო „Рес"-თან გამოეხმაურა რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის „სრულუფლებიანი წარმომადგენელი პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში“ ეგორ კოჩიევი. მისი თქმით, ორშაბათს საღამოს ე.წ. საზღვართან ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში ტექნიკური შეხვედრა გაიმართება, რომელზეც ეს საკითხი განიხილება.

„მე არ ვიცი, კონკრეტულად რა მოხდა იქ, ჩემთვის ცნობილია, რომ ინციდენტი იარაღის გამოყენებით", - განაცხადა კოჩიევმა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაუყოვნებლივ მოითხოვეს ტექნიკური შეხვედრის გამართვა დღეს, 6 ნოემბერს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის საოკუპაციო ძალების, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

ასევე ნახეთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლომისის ეკლესიის კარი თუნუქის ფირფიტითაა აჭედილი

კირბალში გორის მერიის წარმომადგენელმა დავით ცერცვაძემ რადიო თავისუფლებას უამბო 6 ნოემბერს განვითარებული მოვლენების შესახებ. მისი თქმით, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი სოფლის სასაფლაოსთან იმყოფებოდნენ და შემდეგ ლომისის ეკლესიის ნიშთან სანთლის ასანთებად წავიდნენ, რასაც საოკუპაციო ძალების მიერ მათი დაკავების მცდელობა და სროლა მოჰყვა.

2023 წლის აგვისტოში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მთაზე განთავსებული ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ნიშის კარი საოკუპაციო ძალებმა თუნუქის ფირფიტით აჭედეს.

ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის ნიშთან კირბალის, მეჯვრისხევის, ზერტის და ბერშუეთის მცხოვრებლები ყოველწლიურად რელიგიური რიტუალის შესასრულებლად მიდიოდნენ 2018 წლამდე. 2018 წელს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ტერიტორია ოკუპირებულად გამოაცხადეს და ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე საგუშაგოც მოაწყვეს. 2018 წლის 30 მაისს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ცხელი ხაზის მეშვეობით საქართველოს უსაფრთხოების სამსახური გააფრთხილა, რომ სალოცავში მისვლის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს, საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავებდნენ და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანდნენ.

ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის ნიშთან კირბალის, მეჯვრისხევის, ზერტის და ბერშუეთის მცხოვრებლები ყოველწლიურად რელიგიური რიტუალის შესასრულებლად მიდიოდნენ 2018 წლამდე. 2018 წელს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ტერიტორია ოკუპირებულად გამოაცხადეს და ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე საგუშაგოც მოაწყვეს. 2018 წლის 30 მაისს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ცხელი ხაზის მეშვეობით საქართველოს უსაფრთხოების სამსახური გააფრთხილა, რომ სალოცავში მისვლის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს, საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავებდნენ და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანდნენ.

2023 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გაიხსენა სოფელ კირბალში მდებარე ლომისის ტაძრის შემთხვევა, როდესაც საოკუპაციო ძალებმა ტაძრის შესასვლელი აჭედეს.

„ნუ გავამწვავებთ სიტუაციას, იქამდე ნუ მივიყვანთ, როგორც იმ ლომისის ტაძარში, რომელიც არის გორის რაიონში. იქ ასე დაუფიქრებელი, მოუზომელი, ვითომ პატრიოტიზმის სახელით და პათოსით ააფრიალეს ქართული დროშა და საერთოდ დაიკეტა ის ტაძარი. მისვლის საშუალებაც არ აქვს არავის. ეს არის საფრთხილო ზონა. ეს არის ოკუპირებული ტერიტორიის სასაზღვრო ზონა. ეს ტერიტორიები კარგად ვიცით, როდის დაიკარგა - 2008 წლის ომის მერე", - თქვა დეკანოზმა.

ასევე ნახეთ ღარიბაშვილი საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირებისკენ მოუწოდებს
ასევე ნახეთ პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ქართულ სახელმწიფოებრიობაზე უხეშ თავდასხმას უწოდებს