გაეროს ეგიდით მოქმედი ჰუმანიტარული, ჯანდაცვის და ადამიანის უფლებათა დამცველი გაერთიანებები ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვენ.
ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 5 ნოემბერს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ თითქმის ერთი თვეა მსოფლიო უყურებს სიტუაციის განვითარებას ისრაელსა და პალესტინელთა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და შოკს განიცდის მსხვერპლის გამო, რომელიც სულ უფრო იზრდება. გაეროს სტრუქტურები მხარეებს კვლავ მოუწოდებენ, დაიცვან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და ადამიანის უფლებები, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდეს ყველა მძევალი, დაცული იყვნენ სამოქალაქო პირები და ინფრასტრუქტურა, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები და თავშესაფრები, ღაზის სექტორი სწრაფად და უსაფრთხოდ იყოს უზრუნველყოფილი სურსათით, წყლით, მედიკამენტებით და საწვავით.
ერთობლივი განცხადების ავტორები ხაზს უსვამენ, რომ საჭიროა ჰუმანიტარული მიზნებით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა. „30 დღე გავიდა. კმარა. ეს ახლავე უნდა შეწყდეს“, - ნათქვამია განცხადებაში, რომლის ხელმომწერთა შორის არიან გაეროს ადამიანის უფლებების და ლტოლვილთა საკითხების უმაღლესი კომისრები, ჰუმანიტარული საკითხების სამმართველოს, ბავშვთა ფონდის, განვითარების პროგრამის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელები.
ოფიციალური მონაცემებით, საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან, 7 ოქტომბრიდან დაღუპულია პალესტინელი ლტოლვილების დასახმარებლად გაეროს მიერ შექმნილი ახლო აღმოსავლეთის სააგენტოს 88 თანამშრომელი, რაც ერთ ცალკეულ შეიარაღებულ კონფლიქტში გაეროს ყველაზე დიდი დანაკარგია.
ასევე ნახეთ ისრაელის არმია იტყობინება, რომ დაასრულა ქალაქ ღაზის ალყაში მოქცევა- ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
- კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1400-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 9400-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 3900-მდე ბავშვი.
- ჰამასს“ 200-ზე მეტი მძევალი ჰყავს.
- დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას.
- ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.