Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის არმია იტყობინება, რომ დაასრულა ქალაქ ღაზის ალყაში მოქცევა


საბრძოლო მოქმედებები ღაზაში. 5 ნოემბერი, 2023.
საბრძოლო მოქმედებები ღაზაში. 5 ნოემბერი, 2023.

ისრაელის არმიამ დაასრულა ქალაქ ღაზის ალყაში მოქცევა და სანაპირო ხაზის გასწვრივ წაიწია წინ. ამის შესახებ განაცხადა ისრაელის თავდაცვის არმიის წარმომადგენელმა დანიელ ჰაგარიმ. მან მიმდინარე პროცესს უწოდა „ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ იერიშების გასაძლიერებლად რადიკალური პალესტინური დაჯგუფება „ჰამასის“ წინააღმდეგ, რომელიც აკონტროლებს ღაზის სექტორს.

ჰაგარის სიტყვებით, კვირას საღამოს ფაქტობრივად დასრულდა ღაზის სექტორის გახლეჩა ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად. ისრაელის არმიის წარმომადგენელმა კვლავ მოუწოდა ღაზის მოსახლეობას, გადავიდნენ რეგიონის სამხრეთში მდებარე უფრო უსაფრთხო რაიონებში.

მანამდე ისრაელმა რამდენიმე საათით გახსნა დერეფანი, რათა მშვიდობიანი მოსახლეობა სექტორის ჩრდილოეთ ნაწილიდან სამხრეთში გადასულიყო.

როგორც The New York Times-ისთვის გახდა ცნობილი, უკანასკნელი კვირების განმავლობაში ისრაელი არასაჯაროდ ცდილობს მოელაპარაკოს ზოგიერთ ქვეყანას, რომ დროებით შეიფარონ ასეულობით ათასი პალესტინელი ღაზის სექტორიდან და ეგვიპტიდან, სანამ სექტორის ტერიტორიაზე ომი მიმდინარეობს.

The New York Times-ის წყაროების თქმით, ღაზიდან პალესტინელების გადასახლების იდეა ისრაელის დიპლომატებმა რამდენიმე სახელმწიფოსთან განიხილეს და ის ჰუმანიტარულ ინიციატივად წარმოადგინეს. გამოცემის თანამოსაუბრეთა თქმით, ქვეყნების უმრავლესობამ, რომელთა შორის აშშ და დიდი ბრიტანეთიც არიან, უარყვეს წინადადება - მათ შორის იმის შიშით, რომ ლტოლვილები არ დაბრუნდებიან ღაზაში და ეგვიპტეში ვითარების დესტაბილიზაციას გამოიწვევენ.

ოქტომბერში კაირომ უარი თქვა პალესტინელი ლტოლვილების მიღებაზე და ეს იმით ახსნა, რომ ეს ხელს შეუშლის დამოუკიდებელი პალესტინური სახელმწიფოს შექმნას. ახლა რაფაჰის ერთადერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტით ღაზიდან ეგვიპტეში გადასვლა შეუძლიათ მხოლოდ უცხოელებს, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პალესტინელებს და დაჭრილებს.

საბრძოლო მოქმედებებამდე, რომლებიც ისრაელმა პალესტინელი ისლამისტების წინააღმდეგ დაიწყო მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს დაჯგუფება „ჰამასი“ ისრაელის სამხრეთს დაესხა თავს, ღაზის სექტორში ორ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. ღაზაში „ჰამასის“ კონტროლქვეშ მყოფი ხელისუფლება აცხადებს, რომ ისრაელის იერიშის გამო საკუთარი სახლი დატოვა მილიონ-ნახევარმა ადამიანმა, დაიღუპა ათი ათასამდე პალესტინელი, მათ შორის - 4800 ბავშვი. ამ რიცხვების დამოუკიდებელი წყაროებით შემოწმება არ ხერხდება.

XS
SM
MD
LG