რუსეთი ამბობს, რომ გამოცადა საკონტინენტთაშორისო ბირთვული ბალისტიკური რაკეტა

"ბულავას" გამოცდა

რუსეთის ახალმა ატომურმა წყალქვეშა ნავმა "იმპერტორ ალექსანდრე მესამემ" წარმატებით გამოცადა საკონტინენტთაშორისო ბირთვული ბალისტიკური რაკეტა "ბულავა" - ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 5 ნოემბერს გაავრცელა.

"ბულავას" მოქმედების სიშორე 8 ათასი კილომეტრია. პირველად ის 2005 წელს გამოცადა რუსეთმა. როგორც მაშინ, ისე ახლა, რუსეთი ამბობს, რომ ბირთვული რაკეტა თეთრ ზღვაში მყოფი წყალქვეშა ნავიდან გაუშვეს კამჩატკის ნახევარკუნძულის მიმართულებით.

რაკეტის გამოცდის ფონია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მხრიდან 2 ნოემბერს ხელმოწერა კანონზე, რომლითაც რუსეთი აუქმებს ბირთვული ცდების აკრძალვის ყოვლისმომცველ შეთანხმებაზე რატიფიცირებას.

კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ამ კანონზე ხელმოწერის შემდეგ ხაზი გაუსვა, რომ ეს ნაბიჯი არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს მოსკოვი აპირებს ბირთვული გამოცდების ჩატარებას.

ბირთვული გამოცდის აკრძალვის ყოვლისმომცველი შეთანხმების ორგანიზაციის (CTBTO) ხელმძღვანელმა რობერტ ფლოიდმა განაცხადა, რომ "ღრმად სამწუხაროა" რუსი კანონმდებლების ნაბიჯი ხელშეკრულების რატიფიკაციის გაუქმების შესახებ.

ასევე ნახეთ რუსეთის ფედერაციის საბჭომ მხარი დაუჭირა ბირთვული ცდების აკრძალვის ხელშეკრულების რატიფიკაციის გაუქმებას