უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის თავმჯდომარესთან, ურზულა ფონ დერ ლაიენთან ერთად კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლები არ აიძულებენ უკრაინას, მოლაპარაკებები აწარმოოს რუსეთთან.
„რუსეთთან მოსალაპარაკებლად რომ დავსხდეთ, ველაპარაკოთ მას და რამე მივცეთ - ასეთი რამ არ მოხდება,“ თქვა ზელენსკიმ.
ასევე ნახეთ NBC: აშშ-მა და ევროკავშირმა უკრაინასთან დაიწყეს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების განხილვამანამდე NBC News-ის წყაროები იტყობინებოდნენ, რომ ვაშინგტონისა და ბრიუსელის წარმომადგენლებმა უკრაინასთან დაიწყეს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვაზე მსჯელობა. ტელეარხის წყაროთა თქმით, საუბარი შეეხო იმას, თუ რაზე შეიძლება მოუწიოს უკრაინას უარის თქმა შეთანხმების მისაღწევად.
ამავე დროს ნატო მზად არის, უკრაინას შესთავაზოს „უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები“, რომლებიც რუსეთს შეაკავებს უკრაინის ტერიტორიაზე ხელახალი შეჭრისგან.
NBC News-ის წყაროებმა აღნიშნეს, რომ დისკუსია დაიწყო შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნების შეშფოთების ფონზე, რომ ომი ჩიხში შევიდა და რომ ისინი ვერ გააგრძელებენ უკრაინის დახმარებას.
თავის მხრივ ევროკომისიის ხელმძღვანელმა დღეს კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მუშაობს უკრაინისთვის დამატებით 50 მილიარდი ევროს გამოყოფაზე.
გარდა ამისა, ფონ დერ ლაიენის სიტყვებით, მომავალ კვირაში ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს წარმოადგენს.