„7 ოქტომბერს დაჯგუფება "ჰამასის" ოპერაცია ისრაელის წინააღმდეგ 100%-ით პალესტინური იყო“, - განაცხადა ლიბანში მოქმედი რადიკალური ისლამისტური ორგანიზაციის, „ჰეზბოლას“ ლიდერმა ჰასან ნასრალამ. მან ისრაელ-„ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ პარასკევს, 3 ნომბერს, პირველად გამოხატა თავისი დამოკიდებულება.
ნასრალამ, რომელიც იმალება და იშვიათად ჩნდება ხალხში, ვიდეომიმართვა უცნობი ადგილიდან გაავრცელა.
მოელოდნენ, რომ ნასრალა გამოაცხადებდა ისრაელის წინააღმდეგ ომში „ჰეზბოლას“ მასშტაბური ჩაბმის შესახებ. მან მხოლოდ ის თქვა, რომ რეალისტურად მიიჩნევს ახლო აღმოსავლეთში უფრო ფართო კონფლიქტის არსებობას. „ჰეზბოლა“, მისი ლიდერის თქმით, ყოველდღიურად აფართოებს თავის მონაწილეობას ისრაელის არმიასთან შეტაკებებში, რაც ისრაელს აიძულებს, თავისი ძალები ლიბანის საზღვართან ახლოს შეინარჩუნოს, იმის ნაცვლად, რომ ისინი ღაზის სექტორში მიმდინარე ოპერაციაში გაგზავნოს.
ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
ჰასან ნასრალამ 7 ოქტომბრის ოპერაცია შეადარა ისრაელისთვის ნამდვილ „მიწისძვრას“, რომელმაც ქვეყნის სისუსტე გამოავლინა. „ისრაელი ისტორიულ შეცდომას დაუშვებს, თუ პრევენციულ ოპერაციას წამოიწყებს ლიბანის წინააღმდეგ“, - განაცხადა ჰასან ნასრალამ.
„ჰეზბოლას“ ლიდერის თქმით, ვისაც რეგიონში ომის დასრულება სურს, სწრაფად უნდა შეწყვიტოს აგრესია ღაზაში, ხოლო აშშ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ავიამზიდების გაგზავნით კონფლიქტის ესკალაციას ახდენს. „ამერიკული სამხედრო ხომალდები ჩვენ ვერ შეგვაშინებს. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. აშშ-ს ჩვენ ვეუბნებით: ვინც თქვენ 1980-იანი წლების დასაწყისში ლიბანში დაგამარცხათ, კვლავაც ცოცხლები არიან“, - აღნიშნა „ჰეზბოლას“ ლიდერმა.
ჰასან ნასრალამ თავის მიმართვაში მადლობა გადაუხადა იემენსა და ერაყში მოქმედ დაჯგუფებებს, რომლებიც ირანის მიერ მართულ „წინააღმდეგობის ღერძში“ შედიან.
ასევე ნახეთ
ირანის „წინააღმდეგობის ღერძი“ და მისი მიზნები ახლო აღმოსავლეთში
როგორც სააგენტო „როიტერსი“ წერს, ირანის მერ მხარდაჭერილი „ჰეზბოლა“ წარმოადგენს მრისხანე ძალას, რომელიც ლიბან-ისრაელის საზღვრის გასწვრივ ისრაელის სამხედროებთან სისხლიან შეტაკებებს გამუდმებით აწყობს ისრაელთან 2006 წლის ომის შემდეგ.
- ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
- კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1400-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 9000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 3700-ზე მეტი ბავშვი. „ჰამასს“ 240-ზე მეტი მძევალი ჰყავს.
- დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას.
- ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.