ხელოვანები ითხოვენ, მოეხსნას ე.წ. ხელისუფლების ჩამოშლის საქმეს საიდუმლო გრიფი

სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები

სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებმა - მწერლებმა, მსახიობებმა, პროდიუსერებმა - განცხადება გაავრცელეს "სახელმწიფო გადატრიალების საქმის შესახებ" გამოძიებაზე, რომელსაც სუსი აწარმოებს. განცხადების ავტორთა ნაწილი უკვე გამოიკითხა ამ საქმის ფარგლებში, თუმცა მათ გაუთქმელობის ხელწერილი აქვთ დადებული და დაკითხვის შინაარსზე საჯაროდ საუბარი არ შეუძლიათ.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელსაც ბოლო ათწლეულია რუსეთის ფედერაციის არცერთი აგენტი არ გამოუვლენია, ეფექტური მუშაობის ილუზიის შექმნას ცდილობს კულტურის სფეროს წარმომადგენლების დემონიზაციით.

ჩვენს სამართლიან პროტესტს უპირისპირდებიან მაღალი თანამდებობის პირების მიერ წახალისებული ძალოვანი სტრუქტურები, ორკესტრირებულად მიმდინარეობს ადამიანების დაშინება და საზოგადოების თვალში ჩვენი დისკრედიტაცია უმძიმესი და უსაფუძვლო ბრალდებებით.

ამ ყველაფრის ფონზე კი კულტურის სამინისტრო ჩვენს თვალწინ ანადგურებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, ფლანგავს ბიუჯეტს, უკანონოდ ათავისუფლებს პროფესიონალებს (რაზეც წაგებული შრომითი დავებიც მეტყველებს), თავისუფლებას უზღუდავს დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, აჩერებს სამეცნიერო კვლევებსა და სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტებს", - ნათქვამია განცხადებაში. ტექსტის ავტორები გამოძიებას მოუწოდებენ, მოეხსნას საქმეს "გრიფით საიდუმლოს" სტატუსი და გასაჯაროვდეს მისი დეტალები, "ფარული მიყურადებით მოპოვებული ჩანაწერების ფრაგმენტების ჩვენებით მანიპულირების ნაცვლად".

Your browser doesn’t support HTML5

ხელოვანების მიმართვა ხელისუფლებას

ასევე ნახეთ „რუსული მეთოდები ამ ქვეყანაში არ მუშაობს" - კინემატოგრაფისტების სუსში დაბარებას აპროტესტებენ

2 ოქტომბერს სუსში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ითქვა, რომ USAID-ის ​დაფინანსებულ ტრენინგზე გადაამზადეს დიდი ჯგუფი, რომლის წევრებმაც "გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში".

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მცდარი უწოდა საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) მიმართ საქართველოს ხელისუფლების ბრალდებას.

USAID-ის შესახებ სუსის და საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პირების განცხადებებს გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში. განცხადებაში ნათქვამია, რომ მცდარია მისი მხარდაჭერილი ერთ-ერთი პროექტის შესახებ გამოთქმული ბრალდებები და არსებითად არასწორად ასახავს საქართველოსთვის აშშ-ის დახმარების მიზნებს.

"კანვას საქართველომ" ხელისუფლების მოქმედება ზეწოლად შეაფასა როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, ისე იმ აქტივისტებზე, რომლებიც "ორგანიზაციასთან თანამშრომლობენ, იღებენ განათლებას, ავრცელებენ ცოდნას სტრატეგიული არაძალადობრივი კამპანიების შესახებ".