ამის ერთი მიზეზი ის იყო, რომ არ სურდათ მოხსენებები 26-27 ოქტომბრის ევროკავშირის სამიტის წინ გამოსულიყო, რადგან ეს ყურადღებას გადაიტანდა სხვა თემებისგან, მაგალითად, ბიუჯეტის და მიგრაციიის საკითხებისგან. მეორე მიზეზი კი გაფართოების პაკეტის უზარმაზარი ზომაა. უნდა შეაფასონ 10 ქვეყანა - ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, თურქეთი, კოსოვო, მოლდოვა, მონტენეგრო, საქართველო, სერბეთი, უკრაინა და ჩრდილოეთი მაკედონია, ანუ მართლაც ბევრი საქმეა გასაკეთებელი.
ამავე დროს, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, რომლებიც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებენ, დოკუმენტების შესწავლაც უნდა მოასწრონ - გადაწყვეტილებას ჯერ ევროკავშირის გენერალურ საქმეთა საბჭო მიიღებს 12 დეკემბერს, ორი დღის შემდეგ კი მას ევროკავშირის სამიტი დაამტკიცებს. ევროკომისიამ ასევე დრო გამოუყო რამდენიმე ქვეყანას რეკომენდაციების შესასრულებლად, რომლებიც ძირითადად სასამართლო რეფორმებთანაა დაკავშირებული.
ასევე ნახეთ კანდიდატის სტატუსი - ამერიკელი ანალიტიკოსების მოლოდინიმედიაში უკვე გავრცელდა ცნობები, რომ ევროკომისია რეკომენდაციებს გასცემს უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე.
ამ საქმეში ჩახედული ჩემი წყაროებიც იმავეს მიდასტურებენ. ერთმა მათგანმა მითხრა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი 4 ნოემბერს კიევში არ ჩავიდოდა, რომ არ სცოდნოდა, რომ მოხსენებაში უკრაინასთან დაკავშირებით „პოზიტიური სიგნალები“ იქნება ჩადებული.
ორივე ქვეყანასთან დაკავშირებით ყურადღება უნდა მივაქციოთ პირობებს, ვადებს და იმას, თუ როგორ იქნება ეს ორი რამ ჩამოყალიბებული მოხსენებაში.
კომისიამ შეიძლება მიიჩნიოს, რომ უკრაინასა და მოლდოვას სრულად არ შეუსრულებიათ პირობები, რომლებიც მათ 2022 წლის ზაფხულში წარუდგინეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა შეიძლება ოფიციალურად მხარი დაუჭირონ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას, მაგრამ რეალური მოლაპარაკებები მხოლოდ გარკვეული პირობების შესრულების შემდეგ დაიწყოს.
ამ გადაწყვეტილებას დიდი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ თავად მოლაპარაკებების პროცესი შეიძლება წლობით გაგრძელდეს.
ყველაზე რთული გადაწყვეტილება ევროკომისიისათვის იქნება საქართველოსთვის კანდიდატობის სტატუსის მინიჭების საკითხი და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება. ევროკავშირის ერთმა დიპლომატმა მითხრა, რომ გადაწყვეტილებებს „ბოლო წამს მიიღებენ“ - ჯერ 6 ნოემბერს, როდესაც 27 კომისრის კაბინეტის ხელმძღვანელები განიხილავენ გაფართოების პაკეტს და შემდეგ 8 ნოემბერს, როდესაც თავად კომისრები შეიკრიბებიან დეტალების საბოლოოდ შესათანხმებლად.
შეიძლება, რომ მათ მკაფიო რეკომენდაციები არც კი გასცენ - შედეგები წარადგინონ და შემდეგი ნაბიჯები ბუნდოვნად დატოვონ. ევროკომისია ხომ საბოლოოდ არ წყვეტს, თუ ვის მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს ან ვისთან დაიწყებენ მოლაპარაკებებს გაწევრიანების შესახებ, არამედ ამას 27-ვე წევრი ქვეყნა აკეთებს - ერთსულოვანი თანხმობით.
ისეც მომხდარა, რომ საბჭოს კომისიის რეკომენდაციაზე უარყოფითი პასუხი გაუცია. ამის ყველაზე ცხადი მაგალითი ჩრდილოეთი მაკედონიაა. კომისიამ ჯერ კიდევ 2009 წელს გასცა რეკომენდაცია, რომ ამ ქვეყანასთან დაწყებულიყო გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები და ამ რეკომენდაციას შემდეგ ყოველ წელს იმეორებდა. საბოლოოდ კი სკოპიეს წევრმა ქვეყნებმა მწვანე შუქი მხოლოდ 2020 წელს აუნთეს.
საქართველოსთან დაკავშირებით არსებობს კითხვის ნიშნები, რომლებიც ქვეყნის პოლიტიკურ ვექტორს შეეხება. ბრიუსელში აშფოთებთ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პოლარიზაცია, უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღების მცდელობა და პრეზიდენტის იმპიჩმენტის მცდელობა ევროკავშირში მთავრობის ნებართვის გარეშე ვიზიტების გამო.
თუმცა, როგორც მესმის, საქართველო კანდიდატის სტატუსს მაინც მიიღებს. ამ საკითხში ჩახედულმა ევროკავშირის დიპლომატებმა ამის მხარდასაჭერი არაერთი მიზეზი დაასახელეს. მაგალითად ის, რომ ევროკავშირი გაფართოების გზას ადგას, მომავალ წელს კი ევროპარლამენტის არჩევნებია, რაც მთელ ყურადღებას თავისკენ წაიღებს. ამიტომ სურთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველებს ახლა მაქსიმალურად შეაშველონ ხელი.
ბრიუსელში ასევე მიიჩნევენ, რომ არ ღირს საქართველოს ძალიან დაშორება მოლდოვისა და უკრაინისგან. ეს ორი სავარაუდოდ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებს და საქართველოს კანდიდატის სტატუსი მათგან მხოლოდ ერთი ნაბიჯით დააშორებს.
საქართველოს კანდიდატის სტატუსს თან სავარაუდოდ დათქმებიც მოჰყვება - თბილისს ალბათ მოსთხოვენ გარკვეული ნაბიჯების გადადგმას შემდეგ ეტაპზე - ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებზე გადასასვლელად.
ასევე ნახეთ დეიმონ უილსონი: ვერ ვხედავ ძალისხმევას აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობისა და ევროკავშირთან კანდიდატის სტატუსის მისაღწევადბოსნიასთან დაკავშირებით ვითარება კიდევ უფრო ბუნდოვანია. ბევრი მიიჩნევს, რომ ეს ქვეყანა შარშან კანდიდატის სტატუსსაც არ იმსახურებდა, რადგან მას ევროკომისიის მიერ დაწესებული 14 რეკომენდაციიდან არც ერთი არ შეუსრულებია.
მსმენია, რომ რამდენიმე ქვეყანამ - ავსტრიამ, სლოვენიამ და ხორვატიამ - შეიძლება მოითხოვოს მოლაპარაკებების დაწყება ბოსნიასთან. აქაც იგივე ვითარებაა, რაც შარშან იყო სარაევოსთან დაკავშირებით: იტყვიან, რომ საჭიროა აღმოსავლეთით გაფართოებასთან ერთად პარალელურად დასავლეთი ბალკანეთიც დაფარონ.
ეს ყველაფერი დიდ აღებ-მიცემობას გამოიწვევს ევროკავშირის ქვეყნებს შორის დეკემბერში. ქვეყნების უმეტესობა მოხარული იქნება, თუ მოლდოვასა და უკრაინასთან მოლაპარაკებები დაიწყება გაფართოების შესახებ. ვაჭრობაც აქ დაიწყება. უნგრეთმა, რომლის გულის მოგებასაც საქართველო დიდი ხანია ცდილობს, შეიძლება განაცხადოს, რომ კვლავაც უკმაყოფილოა უკრაინაში ეთნიკური უნგრელების მიმართ დამოკიდებულებით და კიევს მხარს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს, თუ საქართველოც მიიღებს კანდიდატის სტატუსს.
ბოსნიის მხარდამჭერებმაც შეიძლება, რომ სხვა საკითხებით ვაჭრობა დაიწყონ. ყველა ქვეყანას ვეტო გააჩნია და ამიტომ ეს quid pro quo-ს თამაშია. ასე რომ, გარკვეულწილად საქმე ასეა ისევ: ან ყველა ახტება, ან - არავინ.