გაქცეული პატიმრები თბილისთან ახლოს დააკავეს - იუსტიციის მინისტრი

რატი ბრეგაძე, იუსტიციის მინისტრი

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მედიასთან ილაპარაკა კლინიკა "ავერსიდან" სამედიცინო გამოკვლევაზე მიყვანილი სამი პატიმრის გაქცევისა და მათი დაკავების გარემოებებზე.

მისი თქმით, სამივე პატიმარი სრულწლოვანია. ისინი სასჯელაღსრულების ერთსა და იმავე დაწესებულებაში იხდიდნენ სასჯელს. სამივე მათგანი თბილისთან, ერთ-ერთ რეგიონში დააკავეს, „ერთმანეთთან ძალიან ახლოს“ და არა ბინაში.

რაც შეეხება გაქცევას, იუსტიციის მინისტრის განცხადებით, „ეს ადამიანები გაიქცნენ საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიიდან“. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მინისტრმა სხვა დეტალებზე ლაპარაკი არ ისურვა, მათ შორის არც იმაზე, პატიმრები კლინიკაში ჩატარებული გამოკვლევების შემდეგ გაიქცნენ თუ კლინიკაში შეყვანამდე.

რატი ბრეგაძემ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე არ ილაპარაკა ადგილზე მყოფი ბადრაგის რაოდენობაზე. მან მხოლოდ გაიმეორა, რომ დაკავებულია საბადრაგო სამსახურის ერთი თანამშრომლი.

მინისტრის სიტყვებით, გაქცეული პატიმრები სასჯელს იხდიდნენ „გარკვეულ დანაშაულზე“, ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებიან და მომხდარის შემდეგ დამატებით 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ, რაზეც უკვე სასამართლო იმსჯელებს.

იუსტიციის მინისტრის თქმით, პირველადი გამოძიების დასრულების შემდეგ დამატებითი ინფორმაცია გახდება ცნობილი.

რაც შეეხება კლინიკაში პატიმრების გადაყვანის საჭიროებას, რატი ბრეგაძის სიტყვებით, „პატიმრების სამედიცინო დაწესებულებაში გაყვანა ხორციელდება რეგულარულ რეჟიმში, როდესაც დადგება ამის საჭიროება. ბევრი პატიმარი გადაგვყავს კლინიკაში, ეს აპრობირებული პრაქტიკაა, როცა ციხის საავადმყოფოში არ არის ადგილი ან საჭიროა სხვა დამატებითი უფრო კომპლექსური კვლევა“.

რატი ბრეგაძის განცხადებით, გამოძიება დაადგენს ასევე, პატიმრების გაქცევა წინასწარ იყო დაგეგმილი, სპონტანური იყო თუ წაქეზებული.

„მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედება თანამშრომლების მიმართ... შეიძლება გამოიკვეთოს სხვა პირების პასუხისმგებლობა. თუ გამოვლინდება ხელშემწყობი პირების პასუხისმგებლობა, მათ მიმართაც დადგება პასუხისმგებლობის საკითხი“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, რომლის დაქვემდებარებაშიცაა პენიტენციური სამსახური.

ასევე ნახეთ “ავერსის“ კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია

"ავერსის" კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმრის დაკავების შესახებ ინფორმაცია ფეისბუკის პირად გვერდზე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს, 2 ნოემბერს, გაავრცელა. კლინიკიდან 1 ნოემბერს გაქცეული სამი პატიმრის საქმეზე დაკავებულია ის ბადრაგიც, რომელსაც მათი მეთვალყურეობა ევალებოდა.

კვლევების ჩასატარებლად მიყვანილი სამი პატიმარი გუშინ, 1 ნოემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, გაიქცა კლინიკა "ავერსიდან", რომელიც თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარეობს.

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მოგვიანებით მათ მიმართა და მოუწოდა, "დროულად მოეგონ გონს".