რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მისი სახელობის ქუჩის შემდეგ, ძეგლიც გაუხსნეს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში.
ტელეგრამ-არხ Baeston-ის ინფორმაციის მიხედვით, პუტინის ბრინჯაოს ძეგლის გახსნის ინიციატორია რუსეთის მოჭიდავეთა ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ძამბოლათ თედეევი. სკულპტურა მის მშობლიურ სოფელ წორბისში დადგეს.
ტელეგრამ-არხის თანახმად, თედეევმა წორბისში, ძეგლთან შეკრებილ „ახალგაზრდებს ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთიდან უამბო ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინისა და 2008 წლის მოვლენების შესახებ".
ფოტოების მიხედვით, „ბრინჯაოს პუტინი" ძიუდოისტის კიმონოთია შემოსილი. რუსეთის პრეზიდენტს ძიუდოში სპორტის ოსტატის წოდება აქვს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ პუტინს საპატიო პრეზიდენტის სტატუსი შეუჩერა.
რადიო თავისუფლების პროექტი „ეხო კავკაზა“ 2020 წელს წერდა თედეევის წინადადებაზე, წორბისში ძეგლი დაედგათ იოსებ სტალინისთვის. სოფელში ეს ძეგლი უკვე დგას. პუტინის სკულპტურა სტალინის ძეგლის გვერდით გახსნეს.
ასევე ნახეთ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ საპატიო პრეზიდენტობა შეუჩერა ვლადიმირ პუტინსპუტინისთვის ძეგლის დადგმის ინიციატორი ძამბოლათ თედეევი 2011 წელს აპირებდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტად კენჭისყრას, თუმცა კანდიდატად არ დაარეგისტრირეს, რასაც ცხინვალში პროტესტი მოჰყვა. 2017 წელს თედეევი ჩრდილოეთ ოსეთი-ალანიის პარლამენტის წევრად აირჩიეს.
საქართველოში დაბადებული თედეევი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინის სახელით ასპარეზობდა და ამ ქვეყნის მოქალაქე გახდა. 2016-2022 წლებში იყო რუსეთის მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი. პუტინის მიერ დაჯილდოებულია სამშობლოს წინაშე დამსახურების და ალექსანდრ ნეველის ორდენებით. 2022 წლის თებერვალში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინამ თედეევს სანქციები დაუწესა.