Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ საპატიო პრეზიდენტობა შეუჩერა ვლადიმირ პუტინს


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დროებით შეუწყვიტეს საერთაშორისო სპორტში ყველაზე მაღალი თანამდებობა, რაც მას ეკავა. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ კვირას გამოაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო საპატიო პრეზიდენტის სტატუსს უჩერებს პუტინს.

ოლიმპიურ სპორტულ ორგანოებს შორის ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ერთ-ერთი მცირეთაგანია, რომელიც უკრაინაში მიმდინარე აგრესიას „ომს“ უწოდებს. სხვები ძირითადად „კონფლიქტის ესკალაციას“ ამჯობინებენ.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის აღმასრულებელ კომიტეტში კვლავაც რჩება კრემლის მხარდამჭერი ოლიგარქი და პუტინის მეგობარი, არკადი როტენბერგი.

აშშ-მა, ევროკავშირმა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებმა რუსეთს სანქციები დაუწესეს უკრაინაში შეჭრის გამო. ევროკავშირის ქვეყნებმა უკვე სანქციების ორი პაკეტი დაამტკიცეს. ისინი ეხება რუსეთის ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს, მათ შორის საფინანსოს. შემოღებულია პერსონალური სანქციებიც, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის წინააღმდეგ, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა.

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრა 24 თებერვალს დაიწყო. ვლადიმირ პუტინმა მას „იძულებითი ზომა“ უწოდა, ვინაიდან, მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნები არ დათანხმდნენ რუსეთის წინადადებებზე ე.წ. უსაფრთხოების გარანტიების საკითხში. პუტინის თქმით, ეს რუსეთს დიდ საფრთხეს უქმნიდა, მათ შორის უკრაინის მხრიდან.

XS
SM
MD
LG