"შეირგეთ ის ბოდიში" - მდინარაძე ოპოზიციას ქალი დეპუტატის შეურაცხყოფაზე

მამუკა მდინარაძე, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე

პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს, 1 ნოემბერს, პოლიტიკოსებს შორის კამათით დაიწყო. პოლიტიკური ჯგუფის, "ევროოპტიმისტების" წევრმა ხატია დეკანოიძემ მოითხოვა, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვოს ირაკლი ბერაიამ, რომელმაც 31 ოქტომბერს კოლეგა ქალ დეპუტატზე დამამცირებელ კონტექსტში ისაუბრა და მას შეურაცხყოფა მიაყენა. დამატებით, "ლელოს" წევრმა სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ ბერაიას საქმე უნდა გადაეცეს პარლამენტის ეთიკის საბჭოს.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები, რომლებიც პარტია "ქართულ ოცნებას" წარმოადგენდნენ, ცდილობდნენ, დაეცვათ კოლეგა ირაკლი ბერაია. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები დღევანდელ სხდომაზე იყენებდნენ შეურაცხმყოფელ სიტყვებს. მას მათთვის მიკროფონი არ ჩაურთავს, თუმცა დაუსვა კითხვა: "გავიმეორო ეგ სიტყვები?"

"თქვენ ახლა მართლა ზედმეტები და ნამეტანი არ მოგივიდეთ ყველას ერთად. გუშინ გადააჭარბა-თქო, ჩვენ თვითონ დავგმეთ, ადამიანმა ბოდიშები იხადა და ამ დროს არცერთს არ გახსოვთ, რა უწმაწური, ვერ გავიმეორებ, რა ბანერი გაშალეთ აქ, თეა წულუკიანი რომ იყო. ქალი არ იყო თუ ადამიანი არ იყო?! mona.ge-ზე რომ გამოაქვეყნეს ქალი დეპუტატები, რომელიმემ ხმა ამოიღეთ? მოღალატეებს რომ ეძახით ადამიანებს, ეგ ნაკლები შეურაცხყოფაა?! მეტი არ არის?! ამიტომ, ცოტა ზედმეტები არ მოგივიდეთ და შეირგეთ ის ბოდიში და ის ადამიანური დამოკიდებულება, რაც იყო გულწრფელი", - მიმართა ოპოზიციას ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.

ასევე ნახეთ სუსი mona.ge-სთან დაკავშირებით "შესაბამის რეაგირებაზე" საუბრობს

მის შემდეგ დეპუტატებს მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელმაც ოპოზიცია გააკრიტიკა და პირობა დადო, რომ სხვა დროს "დროული რეაგირება" ექნება.

"მის გამოსვლას ჰქონდა შინაარსობრივი ნაწილი, რასაც ყველა ვიზიარებთ. რაც შეეხებოდა კრიტიკას, რაც შეეხება იმ ნაწილს, სადაც იყო პიროვნული, გარკვეული ეთიკური ჩარჩოებიდან გასვლის საკითხი, ამის გამო მან ბოდიში მოიხადა. არ მახსენდება ოპოზიციიდან არცერთი, ერთი ადამიანი, ქალი ან კაცი, ვინმეს ბოდიში მოეხადა საერთოდ... შეიძლება ყველას მოუვიდეს ასეთი გადაცდომა. მნიშვნელოვანი მომენტია, რომ ბატონმა ირაკლიმ, რაც შეეხებოდა მისი გამოსვლის ბოლო 5 წამს, მან ბოდიში მოიხადა. მოდი, დავაფასოთ ეს ბოდიში. იქნებ, ეს კულტურა თქვენთანაც დაამკვიდროთ და ბოდიშის მოხდა შეძლოთ ხოლმე, როდესაც ასეთი გადამეტება მიდის...

როდესაც გარკვეული ზღვარი იქნება გადალახული, შევეცდები დროულ რეაგირებას. სიმართლე გითხრათ, ყველას გამოსვლას არ ვუსმენ ხოლმე და ასე წამიერი რეაგირება ვერ მექნება", - თქვა პაპუაშვილმა და მოგვიანებით დასძინა, რომ ირაკლი ბერაია თანამდებობიდან არ გადადგება.

გუშინ, 31 ოქტომბერს, პარლამენტის პლენარული სხდომის პირველ ნაწილში ბოლო გამომსვლელი იყო თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, რომელმაც თავის მოადგილეს, ოპოზიციონერ ქალ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას, შეურაცხყოფა მიაყენა და მასზე დამამცირებელ კონტექსტში ლაპარაკისას, სავარაუდოდ, გაავრცელა მისი პირადი ცხოვრების დეტალები.

„ის, რაც „ოცნების“ კაცუნამ ირაკლი ბერაიამ იკადრა ჩემს წინააღმდეგ, პატარა კაცობაც აღარ ჰქვია. სუსის მეთოდები არ გამაჩუმებს... ამას, ალბათ, გაგრძელებაც მოჰყვება, მაგრამ სუსს და „ოცნებას“ ვეტყვი, რომ მათი არ მეშინია და ვერ გამაჩუმებენ!“- აღნიშნა თეონა აქუბარდიამ მას შემდეგ, რაც ირაკლი ბერაიას განცხადება მოისმინა.

ამ ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. მან თქვა, რომ მოისმინა სიტყვები, რომლებიც "შეურაცხყოფს მთლიანად საქართველოს პარლამენტს".

"მინდა, სრული სოლიდარობა გამოვუცხადო იმ ქალებს, რომლებიც დღეს გამოვიდნენ და პროტესტი გამოაცხადეს. მიმაჩნია, რომ ეს სრულიად მიუღებელია, სიტყვებიც არ არის, რომ ეს მიუღებელია, ეს ნამდვილად სირცხვილია ქართველობისთვის, საქართველოსთვის, საქართველოს პარლამენტისთვის", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ასევე ნახეთ ზურაბიშვილი ოპოზიციის წევრ ქალებს სოლიდარობას უცხადებს