თეთრი სახლის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვეტოს უფლებით ისარგებლებს, თუ კონგრესი დათანხმდება წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების მიერ ინიციირებულ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს დახმარების გაწევას მხოლოდ ისრაელისთვის და არა ისრაელისა და უკრაინისთვის, როგორც ამას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ითხოვს.
სავარაუდოდ, საქმე ვეტომდე არ მივა, რადგან განსხვავებით კონგრესის წარმომადგენელთა პალატისგან, სადაც უმრავლესობაში რესპუბლიკელები არიან, სენატს დემოკრატები აკონტროლებენ. პრეზიდენტის ვეტომდე კანონპროექტის მიღებას კონგრესის ორივე პალატის თანხმობა სჭირდება.
დემოკრატმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება - 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად და 14 მილიარდზე მეტი ისრაელისთვის, რომელმაც 7 ოქტომბერს, „ჰამასის“ თავდასხმის გამო, ამ რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობას ომი გამოუცხადა. დანარჩენი თანხა განკუთვნილია ტაივანისთვის და მექსიკასთან საზღვრის დასაცავად.
30 ოქტომბერს რესპუბლიკელებმა წარმომადგენელთა პალატას წარუდგინეს წინადადება, რომელიც ითვალისწინებს მხოლოდ ისრაელის დახმარებას. ამ მიზნით 14,3 მილიარდი დოლარი უნდა გამოიყოს ფედერალური საგადასახადო სამსახურის დაფინანსების შემცირების ხარჯზე. რესპუბლიკელების ამ ინიციატივის პასუხად თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ როგორც ისრაელის, ისე უკრაინის დახმარება შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხია და მისი პოლიტიზაცია არ გამოვა.
ასევე ნახეთ თეთრი სახლისთვის მიუღებელია ისრაელის და უკრაინის დახმარების ერთმანეთისგან გამიჯვნა31 ოქტომბერს, სენატის ასიგნებების კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა და სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადეს, რომ უკრაინისთვის დახმარების შეჩერება დაუშვებელია, რადგან ეს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს გააძლიერებს და მიზნების მიღწევის შესაძლებლობას მისცემს.
სენატში დემოკრატების უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა რესპუბლიკელი კონგრესმენების წინადადებას არასერიოზული უწოდა და განაცხადა, რომ თუ წარმომადგენელთა პალატა კანონპროექტს დაამტკიცებს, სენატში მას მხარდაჭერა არ ექნება. იგივე პოზიცია აქვს რესპუბლიკელი სენატორების ნაწილსაც.
ასევე ნახეთ გაბრაზებული და მიტოვებული? - რას წერს Time ზელენსკისა და რუსეთ-უკრაინის ომზე