Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლისთვის მიუღებელია ისრაელის და უკრაინის დახმარების ერთმანეთისგან გამიჯვნა


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელში ვიზიტისას. 2023 წლის 18 ოქტომბერი
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელში ვიზიტისას. 2023 წლის 18 ოქტომბერი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობაში მყოფი რესპუბლიკელების მცდელობას, ერთმანეთისგან გამიჯნონ ისრაელისა და უკრაინისთვის დახმარების გაწევა.

თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების პოლიტიზაცია არ გამოვა. ჟან-პიერის თანახმად, ისეთი მნიშვნელობის ეროვნული ინტერესების უზრუნველსაყოფად, როგორიცაა ისრაელის მხარდაჭერა და რუსული იმპერიალიზმის სიმხეცისგან უკრაინის დაცვა, კომპენსაციის მოთხოვნა იქნება ნორმალური ორპარტიული პროცესის შეწყვეტა და დამანგრეველი შედეგი ექნება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და კავშირებისთვის.

20 ოქტომბერს დემოკრატმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება - 61 მილიარდი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად და 14 მილიარდი ისრაელისთვის, რომელმაც 7 ოქტომბერს, „ჰამასის“ თავდასხმის გამო, ამ რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობას ომი გამოუცხადა. დანარჩენი თანხა განკუთვნილია ტაივანისთვის და მექსიკასთან საზღვრის დასაცავად.

26 ოქტომბერს წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ გეგმავენ ცალკე პროექტის წარდგენას ისრაელისთვის ფინანსური დახმარების გასაწევად და ეს თანხა სხვა საბიუჯეტო მუხლების შემცირების ხარჯზე უნდა მოიძიონ.

30 ოქტომბერს რესპუბლიკელებმა წარმომადგენელთა პალატას წარუდგინეს წინადადება, რომელიც ითვალისწინებს ისრაელისთვის 14,3 მილიარდი დოლარის დახმარების გაწევას ფედერალური საგადასახადო სამსახურის დაფინანსების შემცირების ხარჯზე.

ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის აქტიური მომხრე, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი წარმომადგენელთა პალატის სპიკერად 25 ოქტომბერს აირჩიეს. მან შეცვალა ამ თანამდებობიდან 3 ოქტომბერს გადაყენებული კევინ მაკართი.

  • 2023 წლის აგვისტოში, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კონგრესს მიმართა, რუსეთთან ომში მყოფი უკრაინისთვის კიდევ 24 მილიარდი დოლარის დახმარების გასაწევად, თუმცა შედეგს ვერ მიაღწია წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობით მყოფი რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო.
  • პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია 43,9 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.
XS
SM
MD
LG