ღაზის სექტორი ათასობით ბავშვის "სასაფლაოდ" გადაიქცა, განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის სპიკერმა 31 ოქტომბერს და შიში გამოთქვა, რომ უფრო მეტი ბავშვი შეიძლება დაიღუპოს უწყლობის გამო დეჰიდრატაციით.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო, რომელსაც "ჰამასი" მართავს, აცხადებს, რომ თავდასხმების შედეგად დაიღუპა 8525 ადამიანი, უმეტესად მშვიდობიანი მოქალაქეები და მათ შორის 3500-ზე მეტი ბავშვია.
"ეს რიცხვი შემაძრწუნებელია. გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა 3450-ზე მეტი ბავშვი. გამაოგნებელია, რომ ეს რიცხვი მნიშვნელოვნად იზრდება ყოველდღე. ღაზა სასაფლაოდ გადაიქცა ათასობით ბავშვისთვის. ყველა დანარჩენისთვის ის ნამდვილი ჯოჯოხეთია", - უთხრა გაეროს ბავშვთა ფონდის სპიკერმა ჯეიმს ელდერმა ჟურნალისტებს ჟენევაში ვიდეოკავშირის მეშვეობით, იტყობინება AFP-ის კორესპონდენტი.
„არიან დახოცილი ბავშვები, რომლებიც დაბომბვის შედეგად დაშავდნენ, მაგრამ მათი სიცოცხლის გადარჩენა შეიძლებოდა“, - აღნიშნა ელდერმა. მან ასევე თქვა, რომ ღაზის სექტორში მცხოვრები მილიონზე მეტი ბავშვს არ აქვს სასმელი წყალი: "ღაზაში წყლის წარმოების სიმძლავრე ჩვეულებრივი დღიური გამომუშავების მხოლოდ ხუთ პროცენტს შეადგენს. ბავშვების სიკვდილი - განსაკუთრებით ჩვილების - დეჰიდრატაციის გამო მზარდ საშიშროებას წარმოადგენს“.
UNICEF-ი ჰუმანიტარული მიზნებისთვის ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს მხარეებს და მოითხოვს ღაზაში ყველა შესასვლელის გახსნას, რათა შესაძლებელი გახდეს ჰუმანიტარული დახმარების უსაფრთხო, მდგრადი და შეუფერხებელი წვდომა, წყლის, საკვების, მედიკამენტებისა და საწვავის ჩათვლით.
"და თუ არ მოხდება ცეცხლის შეწყვეტა, არ იქნება წყალი, მედიკამენტები და არ გათავისუფლდებიან მოტაცებული ბავშვები, მაშინ ჩვენ მივექანებით კიდევ უფრო დიდი საშინელებებისკენ, რომელთა გამოც უდანაშაულო ბავშვები იტანჯებიან", - თქვა ჯეიმს ელდერმა.
ისრაელის ელჩმა ჟენევაში, მეირავ ეილონ შაჰარმა, 30 ოქტომბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "ჰამასს" 33 ბავშვი ჰყავს მძევლად აყვანილი, რომელთაგან ყველაზე უმცროსი ცხრა თვისაა.
გაეროს ბავშვთა ფონდის სპიკერმა თქვა, რომ ღაზის სამედიცინო დაწესებულებების მონაცემებით, 940 ბავშვია დაკარგული.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ხალხი ღაზაში მხოლოდ უშუალო დაბომბვის შედეგად არ იღუპება.
"ჩვენ 130 დღენაკლული ჩვილი გვყავს, რომლებიც არიან დამოკიდებული ინკუბატორებზე და მათი დაახლოებით 61 პროცენტი ჩრდილოეთშია", -განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა კრისტიან ლინდმაიერმა.
ისრაელი ღაზის სექტორს ბომბავს მას შემდეგ, რაც "ჰამასი" შეიჭრა მის ტერიტორიაზე 7 ოქტომბერს და 1400 ადამიანი მოკლა, ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა, და გაიტაცა სულ მცირე 240 ადამიანი, მათ შორის ბავშვები.
ისრაელმა სრული ალყა შემოარტყა ღაზას 7 ოქტომბრის შემდეგ და შეუწყვიტა საკვების, საწვავის, წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდება. მან მოსახლეობის ღაზის ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადასვლისკენ მოუწოდა.
21-30 ოქტომბრიდან საკვებით, წყლით და მედიკამენტებით დატვირთული ავტოკოლონები ღაზის სექტორში ეგვიპტესთან საზღვარზე მდებარე რაფაჰის გამშვები პუნქტით შევიდა, მაგრამ გაეროს წარმომადგენლები თვლიან, რომ ბევრად მეტი ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროებათ იქ მყოფ ადამიანებს.
ასევე ნახეთ ლათინური ამერიკის ორმა ქვეყანამ ისრაელიდან ელჩი გაიწვია, ერთმა ურთიერთობები შეწყვიტა