ბოლივიამ ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ბოლივიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ისრაელის მოქმედება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია.
ისრაელიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია ჩილემ. პრეზიდენტ გაბრიელ ბორიჩის განცხადებით, გადაწყვეტილება მიიღეს ისრაელის მიერ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის გამო.
ისრაელიდან ელჩი გაიწვია კოლუმბიამაც. პრეზიდენტმა გუსტავო პეტრომ განაცხადა, რომ ისრაელმა უნდა შეწყვიტოს პალესტინელების მასობრივი მკვლელობა.
ისრაელი განაგრძობს საჰაერო და სახმელეთო ოპერაციას პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის" მიერ მართულ ღაზის სექტორში.
ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1400-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 8400-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 3000-ზე მეტი ბავშვი. „ჰამასს“ 200-ზე მეტი მძევალი ჰყავს.
დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას. ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.