ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი განიხილავს დე ფაქტო რესპუბლიკის რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოსთან შეერთების იდეას.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის საერთაშორისო, საპარლამენტთაშორისო და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის გაერთიანებული სხდომა 1 ნოემბერს გაიმართება, იტყობინება „Нужная газета“. შეხვედრის დღის წესრიგის ერთადერთი საკითხია „აფხაზეთის რესპუბლიკის პოსტსაბჭოთა სივრცეში საინტეგრაციო გაერთიანებებში მონაწილეობის საკითხის განხილვა, კერძოდ, აფხაზეთის მზადყოფნა, გაწევრიანდეს სამოკავშირეო სახელმწიფოში“. დამატებითი დეტალები არ ვრცელდება.
ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ ჯერ კიდევ 2021 წელს განაცხადა, რომ აფხაზეთმა „თავისი სუვერენიტეტის ნაწილი უნდა დათმოს“. 2022 წლის აგვისტოში მან თქვა, რომ „აფხაზეთი მზადაა შეუერთდეს რუსეთის, ბელარუსისა და სხვა სახელმწიფოების სამოკავშირო სახელმწიფოს, რომელიც შეიძლება შეიქმნას უკრაინის ომის შემდეგ“. "ინტეგრაციულ პროცესებს" მხარს უჭერს ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბაც.
ასევე ნახეთ ოკუპირებულ ცხინვალს რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს წევრობა სურს- 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, მოსკოვმა ცნო საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის - „დამოუკიდებლობა". საქართველოს ორი ტერიტორიის, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა, რუსეთის გარდა, აღიარებული აქვთ ვენესუელას, ნიკარაგუას, სირიას და ნაურუს.
- ბელარუსის ავტორიტარ მმართველს რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან ახლო მოკავშირეობის მიუხედავად, ოფიციალურად დღემდე არ უღიარებია მოსკოვის მიერ 2008 წლის აგვისტოში "დამოუკიდებელ რესპუბლიკებად" გამოცხადებული "აფხაზეთი" და "სამხრეთი ოსეთი".
- 2021 წლის აგვისტოში ლუკაშენკამ განმარტა, რატომ არ აღიარებს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას. მისი თქმით, დასავლეთი ამ "რესპუბლიკების" დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში მინსკს დამატებითი სანქციებით დაემუქრა, ხოლო მოსკოვმა ეკონომიკური ზარალის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა.
- 2022 წლის სექტემბერში ლუკაშენკა ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა და ბიჭვინთაში შეხვდა დე ფაქტო პრეზიდენტ ბჟანიას. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მისი ეს ნაბიჯი მკაცრად დაგმეს.
- სამოკავშირეო სახელმწიფოში შესვლა სურს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს. ამის შესახებ რუსულ სააგენტო "რია ნოვოსტის" აგვისტოში განუცხადა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველმა ვიაჩესლავ გობოზოვმა.
- ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა 2022 წელს, ე.წ. ინაუგურაციის შემდეგ, შეაჩერა რეფერენდუმი „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების შესახებ, რომელიც დანიშნული იყო მისი წინამორბედის, ანატოლი ბიბილოვის მიერ. მოსკოვში გაგლოევის გადაწყვეტილებას მაშინ „გონივრული“ უწოდეს.