Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალს რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს წევრობა სურს


ავტომობილი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო დროშებით. 15 მაისი, 2023 წელი
ავტომობილი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო დროშებით. 15 მაისი, 2023 წელი

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოში შესვლა სურს. ამის შესახებ რუსულ სააგენტო "რია ნოვოსტის" ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველმა ვიაჩესლავ გობოზოვმა განუცხადა.

ჩვენი სურვილია, შევიდეთ რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოში, ეს ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამიტომ ვსაუბრობთ ბელარუსის მიერ ჩვენს აღიარებაზე, ეს სამოკავშირეო სახელმწიფოსკენ გზას და ჩვენი რესპუბლიკისთვის ახალ ჰორიზონტებს გახსნიდა“, - თქვა გობოზოვმა.

მისი მოსაზრებით, ბელარუსის პრეზიდენტი ლუკაშენკა ადრე თუ გვიან მიხვდება, რა სარგებელს მოუტანს მინსკს ცხინვალის სუვერენიტეტის აღიარება.

  • 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, მოსკოვმა ცნო საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის - „დამოუკიდებლობა". საქართველოს ორი ტერიტორიის, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა, რუსეთის გარდა, აღიარებული აქვთ ვენესუელას, ნიკარაგუას, სირიას და ნაურუს.
  • ბელარუსის ავტორიტარ მმართველს რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან ახლო მოკავშირეობის მიუხედავად, ოფიციალურად დღემდე არ უღიარებია მოსკოვის მიერ 2008 წლის აგვისტოში "დამოუკიდებელ რესპუბლიკებად" გამოცხადებული "აფხაზეთი" და "სამხრეთი ოსეთი".
  • 2021 წლის აგვისტოში ლუკაშენკამ განმარტა, რატომ არ აღიარებს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას. მისი თქმით, დასავლეთი ამ "რესპუბლიკების" დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში მინსკს დამატებითი სანქციებით დაემუქრა, ხოლო მოსკოვმა ეკონომიკური ზარალის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა.
  • 2022 წლის სექტემბერში ლუკაშენკა ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა და ბიჭვინთაში შეხვდა დე ფაქტო პრეზიდენტ ბჟანიას. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მისი ეს ნაბიჯი მკაცრად დაგმეს.
  • ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა 2022 წელს, ე.წ. ინაუგურაციის შემდეგ, შეაჩერა რეფერენდუმი „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების შესახებ, რომელიც დანიშნული იყო მისი წინამორბედის, ანატოლი ბიბილოვის მიერ. მოსკოვში გაგლოევის გადაწყვეტილებას მაშინ „გონივრული“ უწოდეს.
  • რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოში შესვლის თანხმობაზე აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 2022 წლის აგვისტოში მიანიშნა. „სამოკავშირო სახელმწიფოს იდეა აფხაზი ხალხისთვის ახლობელია“. ის ჩვენს ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება“, - თქვა დე ფაქტო პრეზიდენტმა 2022 წლის 24 აგვისტოს კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემა „სოლოვიოვ LIVE-ის" ეთერში.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთმა არაერთი ალტერნატიული კავშირის იდეა წამოაყენა და ყოფილი „მოძმე რესპუბლიკების“ ერთად თავმოყრა არაერთ ფორმატში სცადა. საქართველოს მსგავსად, არიან სხვა ქვეყნები, რომლებიც გარკვეულ ეტაპზე შეუერთდნენ და შემდეგ გამოეყვნენ კრემლის მიერ შექმნილ ახალ გაერთიანებებს.
1991 წელს რუსეთის ინიციატივით შეიქმნა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა (დსთ, СНГ) და 1992 წლიდან - მისი სამხედრო კომპონენტიც - „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“ (ОДКБ); 2000 წლიდან ამოქმედდა საბაჟო კავშირი და ევრაზიული ეკონომიკური კავშირი; 1999 წელს ჩაეყარა საფუძველი რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს იდეას, რომელიც 2019 წლიდან ეტაპობრივად, ახლებურად გააქტიურდა. 2021 წლის ნოემბერში ლუკაშენკამ და პუტინმა ხელი მოაწერეს სამოკავშირეო სახელმწიფოს დეკრეტს და შეათანხმეს ინტეგრაციის 30-მდე პროგრამა.
XS
SM
MD
LG