აჭარის უმაღლესმა საბჭომ ოპოზიციის პროტესტის ფონზე შეარჩია მაუწყებლის მეურვეთა კანდიდატურები

აჭარის უმაღლესი საბჭოს "ქართული ოცნების" უმრავლესობის დეპუტატები. 2023 წლის 30 ოქტომბერი

აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებად პარლამენტისთვის წარსადგენად შეარჩია აჭარის ტელევიზიის და რადიოს ყოფილი დირექტორი გიორგი კოხრეიძე და ამავე მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ყოფილი წევრი, რამდენიმე წლის წინ საბჭოში „ქართული ოცნების“ კვოტით არჩეული თამილა დოლიძე. მათ კანდიდატურებს კენჭი საქართველოს პარლამენტმა უნდა უყაროს. აჭარიდან მეურვეთა შესარჩევ კონკურსში სულ 7 პრეტენდენტი მონაწილეობდა.

გიორგი კოხრეიძეს, რომელიც აჭარის ტელევიზიას და რადიოს 2019 წლის ნოემბრიდან სამი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, ჟურნალისტების ნაწილი სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევასა და შრომითი უფლებების შელახვაში ადანაშაულებდა. კოხრეიძეს არაერთმა ჟურნალისტმა სასამართლოში უჩივლა. ზოგიერთმა დავა უკვე მოიგო, სხვა საქმეების განხილვა კი ამ დრომდე გრძელდება.

აჭარის უმაღლესი საბჭოს დღევანდელი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს ოპოზიციური ფრაქციის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა. მათი განცხადებით, საბჭოს უმრავლესობამ სამეურვეო საბჭოს წევრებად ისინი შეარჩია, ვინც საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ მოითხოვა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია აბულაძემ, რომელმაც სხდომათა დარბაზში შუქი ჩააქრო, განაცხადა: „ასე ბნელა ქვეყანაში, ესაა ამ გადაწყვეტილების სიმბოლო“. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიზანია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი საბოლოოდ გახდეს „ქართული ოცნების“ პროპაგანდის ნაწილი.

ასევე ნახეთ აჭარის ტელევიზია: უკან მთავრობის სამსახურში
ასევე ნახეთ კორონავირუსის გამო ჟურნალისტებმა გაფიცვა შეაჩერეს, დირექტორი კი ქმედებებზე გადავიდა

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის მხარდაჭერით, მაუწყებლობის კანონში 2023 წელს შეტანილი ცვლილებებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭო გაუქმდა და მის ნაცვლად რეგიონს 1-ის ნაცვლად 3 წარმომადგენელი ეყოლება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში.

აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭო წარმომადგენლობითი ორგანო იყო. ის ირჩევდა მაუწყებლის დირექტორს, ამტკიცებდა ბიუჯეტს და განსაზღვრავდა პროგრამულ პრიორიტეტებს. ასევე, აკონტროლებდა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტს. მრჩეველთა საბჭოს 5 წევრს აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილი პარტიები ირჩევდნენ, მანდატების რაოდენობის მიხედვით.