რა რეგულაცია მოქმედებს ახლა?
ახლა საქართველოში უცხოურ ვალუტაში (დოლარსა და ევროში) ბანკებიდან სესხს ვერ აიღებთ, თუ 200 000 ლარზე ნაკლები თანხა გინდათ. წესი საერთოა ყველასთვის, იმის მიუხედვად, რა ვალუტაში იღებს კლიენტი ხელფასს და რამხელაა მისი შემოსავალი.
ეს შეზღუდვა წლების წინ დაწესდა, როდესაც ეროვნულ ბანკს სურდა უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხის მოცულობა შეემცირებინა. ამის გამო წლებია საქართველოში ევროსა და დოლარში სესხს ვერ იღებენ ისინიც კი, ვისაც რომელიმე ამ ვალუტაში აქვთ ხელფასი.
რა იცვლება?
სესხის ზღვარი იზრდება 100 000 ლარით, 200 000 ათასი ლარიდან 300 000 ლარამდე - მომვალი წლიდან ამაზე ნაკლებს ბანკი უცხოურ ვალურაში არ მოგცემთ, იმ შემთხვევაში, თუ შემოსავალი ლარში გაქვთ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ 18 ოქტომბერს თქვა, რომ ეს ცვლილებები 2024 წლიდან ამოქმედდება.
ასევე ნახეთ ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, უცხოურ ვალუტაში 300 000 ლარის ეკვივალენტზე ნაკლებ სესხს ვერ აიღებსთუკი აქამდე ვერავინ იღებდა უცხოურ ვალუტაში სესხს, 1 იანვრიდან ბანკებს შეეძლებათ ნებისმიერი თანხა მისცენ კლიენტს იმავე ვალუტაში, რომელშიც შემოსავალი ერიცხება.
ჯობია სესხის უცხურ ვალუტაში აღება და თუ კი, რატომ?
ევროსა და დოლარში გაცემულ სესხებზე ბანკებში, ლართან შედარებით, უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთია. თუკი იპოთეკურ სესხებზე წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ეროვნულ ვალუტაში 15 პროცენტიდან იწყება, დოლარის შემთხვევაში ეს რიცხვი 1,5-ჯერ ნაკლებია (10 პროცენტიდან), ევროს შემთხვევაში კი - თითქმის ნახევარი (8 პროცენტიდან). საბოლოო პირობები ბანკსა და კლიენტს შორის ინდივიდუალური კომუნიკაციით დგინდება.
თუ სესხის აღების მომენტიდან დაფარვამდე ეროვნული ვალუტის კურსი მცირედით შეიცვლება, უცხოურ ვალუტაში სესხის აღება უფრო მომგებიანი გამოდის. თუმცა არსებობს რისკებიც, როგორც ეს წლების წინ მოხდა: თუ ეროვნული ვალუტა მკვეთრად გაუფასურდება, ლარში იზრდება ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ოდენობა.
რატომ აწესებს ეროვნული ბანკი სესხის აღებაზე შეზღუდვებს?
“გალტ & თაგარტის” ეკონომისტი, ლაშა ქავთარაძე რადიო თავისუფლებას უხსნის, რომ ეროვნულ ბანკს სურს მაქსიმალურად მართოს შიდა და გარე რისკები, რომელიც ლარის კურსთან დაკავშირებით არსებობს. მისი თქმით, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების წილი დიდია, საგარეო ან საშინაო რისკების გამო ვალუტის გაცვლის კურსის ცვლილება კი მძიმე ტვირთად აწვებათ მათ, ვისაც სესხი არ აქვთ ლარში.
“ასეთ დროს, მათ შეიძლება ვერ გადაიხადონ სესხი… ეროვნული ბანკის მიზანია, ნაკლებად აისახოს ვალუტის გაუფასურება მსესხებელზე”, - ამბობს ის.
მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა ევროსა და დოლარში სესხების აღებაზე შეზღუდვები დააწესა, შემცირდა ამ ვალუტებში გაცემული სესხების მოცულობა, თუმცა მოთხოვნა არ გამქრალა.
ეროვნული ბანკი მოქალაქეების ინტერესებს იცავს თუ ბანკების?
ეროვნული ბანკი, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, დამოუკიდებელი უწყებაა. მისი მთავარი დანიშნულებაა: ფასებისა (ინფლაციის შემცირება) და ქვეყნის ფინანსური სექტორის სტაბილურობის ხელშეწყობა:
- როცა ინფლაცია მაღალია, ეროვნული ბანკი ამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას, ზრდის (ლარში გაცემულ სესხებზე) რეფინანსირების განაკვეთს და ამით ხელს უშლის ფასების ზრდას;
- მეორე მხრივ, ბანკმა ისეთი რეგულაციები უნდა მიიღოს, რომელიც დაიცავს როგორც ფინანსურ დაწესებულებას, ასევე მის კლიენტებს.
2023 წლის სექტემბერის მონაცემებით, საქართველოს ბანკების მიერ სესხის სახით გაცემულია ჯამში 49,2 მილიარდი ლარი, საიდანაც 45 პროცენტი უცხოურ ვალუტაზე მოდის, დანარჩენი 55 პროცენტი კი ლარში გაცემული სესხია.
“სადაც მაღალია უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების წილი, იქ ხელი ეშლება ეროვნულ ბანკს, რომ მონეტარული პოლიტიკა უფრო ეფექტური იყოს”, - აღნიშნავს “გალტ & თაგარტის” ეკონომისტი.
ვინ შეძლებს დოლარში ან ევროში სესხის აღებას?
უცხოურ ვალუტაში სესხის აღებაზე შეზღუდვები 2017 წლის 20 იანვრიდან დაწესდა. თავდაპირველად, ლიმიტი 100 000 ლარი იყო, 2019 წლის 23 იანვრიდან კი 200 000 ლარამდე გაიზარდა.
ნათია თურნავას თქმით, უცხოურ ვალუტაში სესხის აღებას შეძლებენ მეზღვაურები და ემიგრანტების ოჯახის წევრები. რადიო თავისუფლებამ დამატებით ეროვნულ ბანკში გაარკვია, რომ დოლარში ან ევროში შეზღუდვის გარეშე სესხის აღებას შეძლებს ყველა, ვისაც ყოველთვიური ხელფასი აქვს იმავე ვალუტის ეკვივალენტი ლარში.
“თუ დასაქმებულს კონტრაქტი დადებული აქვს უცხოურ ვალუტაში, სესხიც შეიძლება გაიცეს იმავე ვალუტაში. თუ დამქირავებელი ქართული კომპანიაა, მას მოუწევს ბანკს დაუდასტუროს, რომ მისი შემოსავალი ნამდვილად უცხოურ ვალუტაშია”, - განმარტავენ ეროვნულ ბანკში.
ხომ არ გაზრდის ახალი რეგულაცია ბინებზე მოთხოვნას და, შესაბამისად, ფასსაც?
“გალტ & თაგარტის” ეკონომისტი, ლაშა ქავთარაძე არ მოელის, რომ ახალი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში უძრავი ქონების შეძენის სურვილს წაახალისებს. მისი თქმით, საქართველოში ბინების ფასის ზრდის მთავარი მიზეზი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ იმიგრანტების შემოსვლა არ ყოფილა.
“ეს ცვლილება, ძირითადად, საქართველოდან ემიგრაციაში მყოფი ადამიანებისთვის არის გაკეთებული. ბანკებისთვის გზავნილები შემოსავლის წყაროა, თუ მათ ბინის ყიდვა მოუნდებათ, ლარის გამყარება აღარ დააზიანებთ”, - ამბობს ის.