გარდაიცვალა ირანელი თინეიჯერი გოგო, 16 წლის არმიტა გერავანდი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ თეირანის მეტროში დაშავდა, ჰიჯაბის გარეშე ყოფნის დროს. მისი გარდაცვალების ცნობას სახელმწიფო მედია ავრცელებს. უფლებადამცველები თვლიან, რომ მან ტრავმები მიიღო ჰიჯაბის გარეშე ყოფნისთვის დაკავების მომენტში.
გარდაცვალებამდე არმიტა გერავანდი კვირების განმავლობაში კომაში იყო. მისი სიკვდილის ფონია საპროტესტო აქციები, რომლებიც მოჰყვა მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დაპატიმრებული ქალის, 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილს ერთი წლის წინ.
ასევე ნახეთ ირანის "მორალის პოლიციას" მოზარდზე თავდასხმაში ადანაშაულებენგერავანდის 1 ოქტომბერს დაშავება და შემდეგ მისი სიკვდილი ქმნის პროტესტის განახლების ალბათობას, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა თეირანსა და სხვა ადგილებში ქალები არ ემორჩილებიან თავსაფრის ტარების კანონს - რითაც ირანის თეოკრატიული რეჟიმის მიმართ გამოხატავენ პროტესტს.
ირანის სახელმწიფო სააგენტო IRNA-მ გერავანდის სიკვდილის შესახებ ცნობა გაავრცელა ჰიჯაბის კანონის გარშემო არსებული ფართო მღელვარების ხსენების გარეშე.
დაზუსტებით ცნობილი არ არის, რა მოხდა რამდენიმე წამში მას შემდეგ, რაც არმიტა გერავანდი მატარებელში შევიდა 1 ოქტომბერს. მისმა მეგობარმა ირანის ტელევიზიას უთხრა, რომ მან თავი დაარტყა მეტროსადგურის პლატფორმას, თუმცა უხმო ჩანაწერში, რომელიც ვაგონის გარედანაა გადაღებული და რომელიც ტელევიზიამ გაავრცელა, სცენას ფარავს სადგურზე მყოფი ერთ-ერთი პირის სხეული. ჩანს, რომ გერავანდი ორ მეგობართან ერთად მატარებელში შედის, რის შემდეგაც მისი მოწყვეტილი სხეული ფაქტობრივად მყისიერად გამოაქვთ პლატფორმაზე. ჩანაწერი გააანალიზა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, „ამნესტი ინტერნეიშენალმა“ და დაასკვნა, რომ ის რედაქტირებულია და სამ წუთზე მეტია ამოღებული. ირანის სახელმწიფო ტელევიზიას არ გაუვრცელებია საკუთრივ ვაგონში გადაღებული ჩანაწერი, მაშინ, როცა თეირანის მეტროს ვაგონების უმრავლესობა აღჭურვილია სადამკვირვებლო კამერებით.
გერავანდის მშობლები სახელმწიფო მედიით გავრცელებულ ცნობებში ამბობდნენ, რომ მათი ქალიშვილის დაშავება შესაძლოა გამოიწვია წნევის პრობლემამ, ან დაცემამ. თუმცა უცხოეთში მცხოვრები აქტივისტები ვარაუდობენ, რომ გერავანდის თავს დაესხნენ იმის გამო, რომ ის ჰიჯაბს არ ატარებდა. აქტივისტები მოითხოვენ ინციდენტის დამოუკიდებელ გამოძიებას გაეროს მისიის მიერ და მიუთითებენ ზეწოლაზე, რომელსაც თეოკრატიული რეჟიმი ახორციელებს მსხვერპლთა ოჯახის წევრებზე.