„ტვინის სიკვდილი“ დაუდგინდა ირანელ მოზარდ გოგოს, არმიტა გარავანდს, რომელსაც, სავარაუდოდ, "მორალის პოლიცია" გაუსწორდა ჰიჯაბის არქონის გამო.
ირანის საინფორმაციო სააგენტო "ბორნას" მიერ 22 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „16 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კეთილსაიმედო არ არის და მკურნალი სამედიცინო პერსონალის ძალისხმევის მიუხედავად, როგორც ჩანს, არმიტა გარავანდის ტვინის სიკვდილი დადასტურებულია“. მანამდე "ბორნა" წერდა, რომ გოგოს მდგომარეობაა დამძიმდა.
უფლებადამცველები და ჟურნალისტები იუწყებოდნენ, რომ 1 ოქტომბერს "მორალის პოლიცია" გარავანდს თავის ორ მეგობარ გოგოსთან ერთად გადაეყარა, თეირანის ერთ-ერთ მეტროსადგურში შესვლისას. პოლიციელები არმიტას გაუსწორდნენ ჰიჯაბის არქონის გამო, რის შემდეგაც მეტროს ვაგონიდან გამოსულმა გარავანდიმ გონება დაკარგა.
მანამდე ფაჯრის კლინიკის წყარომ რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს ანონიმურობის პირობით განუცხადა, რომ გარავანდს თავის ტვინში სისხლი ჩაექცა და ის კრიტიკულ მდგომარეობაშია.
უფლებადამცველთა ჯგუფმა „ჰერგავმა“, რომელმაც პირველმა გაავრცელა ინციდენტის შესახებ ინფორმაცია, 5 ოქტომბერს განაცხადა, რომ არმიტას დედა შაჰინ აჰჯმადი ირანის უსაფრთხოების ძალებმა დააკავეს.
ამასთან იუწყებიან, რონ ირანის ხელისუფლება ზეწოლას ახდენს იმ სკოლის მოსწავლეებზე, რომელშიც არმიტა გარავანდი სწავლობდა - რათა მათ მომხდარის შესახებ მედიასთან არ ილაპარაკონ.
სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი ტვიტერი) 5 ოქტომბერს ირანის მასწავლებელთა ასოციაციების საკოორდინაციო საბჭოს პოსტი გამოქვეყნდა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ თეირანის განათლების მთავარი სამმართველოს უსაფრთხოების უფროსი გარავანდის სკოლაში იმყოფებოდა და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს დაემუქრა, „არ გაავრცელონ ინფორმაცია მოსწავლის [გარავანდის] მდგომარეობის შესახებ“, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დიდი ოდენობით ჯარიმა დაეკისრებათ.
ორ მეგობარს, რომლებიც არმიტასთან ერთად იმყოფებოდნენ ინციდენტის დროს, არათუ მომხდარის შესახებ ლაპარაკს, საერთოდ ინციდენტის უარყოფას აიძულებენ, წერს რადიო თავისუფლების ირანული სამსახური „სანდო წყაროზე“ დაყრდნობით.
ეს არ არის ირანში პირველი შემთხვევა, როდესაც თავსაბურავის არქონის გამო "მორალის პოლიცია" ქალებს უსწორდება. შარშამ თეირანში 22 წლის ქურთული წარმოშობის ირანელი ქალი მაჰსა ამინი გარდაიცვალა.
მაჰსა ამინი ოჯახთან ერთად იყო თეირანში ჩასული. ის გარდაიცვალა საავადმყოფოში მას შემდეგ, რაც სამი დღით ადრე დააკავა ირანის „მორალის პოლიციამ“ ჩაცმულობის მკაცრი კოდექსის დარღვევისთვის, რაც გულისხმობს ჰიჯაბის ან თავსაბურავის სავალდებულო ტარებას.
პოლიცია ირწმუნებოდა, რომ მაჰსა ამინი ჯანმრთელობის პრობლემების გამო გარდაიცვალა, ხოლო უფლებადამცველებისა და ნათესავების აზრით, მას დაკავების შემდეგ სცემეს.