ევროკავშირის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ "უხამსობის" რეგულირება ევროდირექტივის ნაწილი არ არის

ფოტოილუსტრაცია

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ "უხამსობის" რეგულირება ევროდირექტივით გათვალისწინებული მოთხოვნების ნაწილი არ არის. ამაზე ლაპარაკია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ რადიო თავისუფლებისთვის კითხვის პასუხად მოწოდებულ ინფორმაციაში.

"უხამსობის" საკითხის თვითრეგულირებიდან რეგულირების სფეროში გადატანასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით შეიტანა. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებდნენ, რომ ეს იყო ევროდირექტივით გათვალისწინებული მოთხოვნა.

"ევროკომისიასთან კონსულტაციების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული შესწორებები, აგვარებს საკითხს, კერძოდ, შემოაქვს არასრულწლოვანთა დაცვისა და სიძულვილის ენის შესახებ გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობა... რაც შეეხება „უხამსობის“ ცნებას, ის დირექტივის ნაწილი არ არის და არ არსებობს დირექტივის ფარგლებში მისი რეგულირების საჭიროება. ამ საკითხზე, რასაკვირველია, მნიშვნელოვანია, დაინტერესებულ მხარეებთან დიალოგის წარმართვა მის აღსრულებასთან დაკავშირებით", - აცხადებენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში.

დამატებით წარმომადგენლობაში აღნიშნავენ, რომ ევროკომისია გააგრძელებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის აღსრულების ძალიან მჭიდრო მონიტორინგს და მზად იქნება, საქართველოს რეკომენდაციები მიაწოდოს:

"ჩვეულებრივ, ევროკავშირის დირექტივები მათი შესრულების ზუსტ წესს არ კარნახობენ, ამის ნაცვლად ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს გადაწყვეტილების მიღებისას გარკვეული თავისუფლება აქვთ, როგორ გადაიტანონ დირექტივები ეროვნულ კანონმდებლობაში. საქართველოს შემთხვევაში, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ის გაფართოების გზაზეა (ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე), აუცილებელია, რომ მისი კანონმდებლობა გარკვეულ დებულებებსა და პრინციპებს შეესაბამებოდეს".

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მმართველი გუნდი მზადაა, "მაუწყებლობის შესახებ" კანონში კიდევ ერთხელ შეიტანოს ცვლილებები, თუ ევროკავშირის წარმომადგენლობა მიმართავს.

"ცოტა უცნაურია, არაერთ შეხვედრას ვესწრებოდი ევროკომისიასთან გამართულს, სადაც იყო ამ საკითხზე მსჯელობა, რომ ["უხამსობა"] უნდა იყოს რეგულირების ნაწილში და არა - თვითრეგულირებაში. როგორც კი იქნება ოფიციალური პოზიცია ამასთან დაკავშირებით, რომ საფუძველი იყოს... ჩვენი გუნდის მიერ ინიცირებული და განხორციელებული ცვლილებების მიზანი იყო ევროდირექტივებისა და 12 რეკომენდაციის შესრულება", - ამბობს დავით სონღულაშვილი.

საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა სადაო კანონპროექტი “მაუწყებლობის შესახებ” კანონის შესაცვლელად - ცვლილებები, რომლებითაც სიძულვილის ენის გამოყენებისა და უხამსობის შემთხვევების რეგულირება თვითრეგულირებიდან კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ხელში გადადის, კრიტიკული მედიის დასჯის მექანიზმად გამოყენების საფრთხეს აჩენს. ცვლილებების ინიციატორები ამბობენ, რომ ასეთი საფრთხე არ არსებობს და “ამ კანონპროექტის ერთადერთი მიზანი არის, რომ ჩაითვალოს შესრულებულად [ევროსაბჭოს] კონკრეტული დირექტივა, მეტი არაფერი.”

ასევე ნახეთ რეგულაცია თვითრეგულაციის ნაცვლად - პარლამენტმა მაუწყებლობის კანონში სადავო ცვლილებები დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ” კანონში სადავო ცვლილებები 19 ოქტომბერს მიიღო.