საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა სადაო კანონპროექტი “მაუწყებლობის შესახებ” კანონის შესაცვლელად - ცვლილებები, რომლითაც სიძულვილის ენის გამოყენებისა და უხამსობის შემთხვევების რეგულირება თვითრეგულირებიდან კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ხელში გადადის, კრიტიკული მედიის დასჯის მექანიზმად გამოყენების საფრთხეს აჩენს. ცვლილებების ინიციატორები ამბობენ, რომ ასეთი საფრთხე არ არსებობს და “ამ კანონპროექტის ერთადერთი მიზანი არის რომ ჩაითვალოს შესრულებულად [ევროსაბჭოს] კონკრეტული დირექტივა, მეტი არაფერი.”
რა იცვლება კანონში?
საკანონმდებლო ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში მაუწყებლების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენების, ტერორიზმის მოწოდებისა და უხამსობის შემთხვევები კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის რეგულირების სფეროში ექცევა.
ამ დრომდე ეს თვითრეგულირების საკითხი იყო და რედაქციების შიდა პროფესიული სტანდარტით რეგულირდებოდა. სადაო შემთხვევებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განიხილავდა. ქარტიის ან თვითრეგულირების სხვა ორგანოების მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში, კომისიაში ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება არ ხდებოდა.
ცვლილებების შედეგად, პროცესი თვითრეგულირების მექანიზმით აღარ შემოიფარგლება: დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, კანონის 55 (2) მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს კომისიაში. კომისიამ დასაბუთებული დასკვნა 7 დღის ვადაში უნდა წარადგინოს - დარღვევის შემთხვევაში კი მაუწყებელი უნდა დააჯარიმოს.
იმ შემთხვევაში, თუ კომისია დაადგენს დარღვევის ფაქტს, მაუწყებელს ეძლევა გაფრთხილება, ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ანალოგიური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში - დაეკისრებათ ჯარიმა ბოლო ერთი წლის შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, არანაკლებ 2500 ლარისა. მომდევნო ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის თანხა იზრდება. მაუწყებლებზე, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში ორჯერ და მეტჯერ დაარღვევენ სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების რეგულირების მუხლებს, კანონპროექტს ექნება უარყოფითი ფინანსური გავლენა.
ვინ არიან ცვლილებების ინიციატორები?
საკანონმდებლო ცვლილების ავტორები არიან დეპუტატები: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, ისკო დასენი, ბეჟან წაქაძე, ირაკლი კირცხალია, ანტონ ობოლაშვილი, ირმა ზავრადაშვილი, რამინა ბერაძე, ელგუჯა გოცირიძე
რითი ხნის “ქართული ოცნება” ცვლილებების საჭიროებას?
დეპუტატები მმართველი პარტიიდან ამბობენ, რომ ეს ცვლილებები მნიშვნელოვანია ევროკომიის მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად გაცემული 12 რეკომენდაციის შესასრულებლადაც. კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, დავით სონღულაშვილმა პარლამენტში ინიციატივის განხილვისას თქვა, რომ ამ ცვლილებების მიღებით საქართველო ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების მე-7 პუნქტს შეასრულებს. ესაა მედიის შესახებ გაცემული რეკომენდაცია, რაც ნიშნავს, რომ უზრუნველყოფილი უნდა იქნას თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტული და დამოუკიდებელი მედია გარემო. მედიასაშუალებების მგლობელების წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოებამ უნდა უპასუხოს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს და ხელისუფლებამ ეფექტიანად და დროულად უნდა გამოიძიოს ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეები.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ამ ცვლილებების საჭიროება ასეა დასაბუთებული:
[მედია მომსახურების მიმწოდებლის პროგრამაში ან რეკლამაში სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვაზე] ეფექტური რეაგირების მექანიზმის არსებობა ევროკავშირის „შემოქმედებითი ევროპის“ 2.44 მილიარდი ევროს ბიუჯეტიან პროგრამაში (2021-2027) საქართველოს სრულფასოვანი მონაწილეობის წინაპირობაა. ევროკომისიის საკომუნიკაციო ქსელების, კონტენტის და ტექნოლოგიის გენერალური დირექტორატის (DG CONNECT) წერილის (30.06.2023) შესაბამისად, ევროკავშირის პროგრამა „შემოქმედებითი ევროპის“ ინტერსექტორულ და მედიის მიმართულებებში საქართველოს მონაწილეობის გასაგრძელებლად, ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის დახვეწა. ანალოგიური ვალდებულება გამომდინარეობს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტიდანაც, რომელთა შესრულებაზეც არის დამოკიდებული საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი.
ევროკავშირთან დაახლოების სურვილით და "შემოქმედებითი ევროპის" სიკეთეებით სარგებლობით აიხსნა 2022 წელს ისევ მაუწყებლის კანონში შეტანილი კიდევ ერთი ცვლილება, რომლის ერთ-ერთი მიზანი "ქვეცნობიერზე ზემოქმედების აკრძალვა" იყო.
რატომ არის კანონში ცვლილებები საეჭვო, თუ ის ევროკავშირთან დაგვაახლოებს?
მედიაექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ოპოზიცია ცვლილებებს საეჭვოდ მიიჩნევს იმდენად, რამდენადაც სანდოდ და სამართლიანად არ თვლიან კომუნიკაციების მარეგურირებელ კომიისიასა და სასამართლოს. არსებობს ეჭვიც იმის შესახებ, რომ სარჩელები შეიძლება არა პროპაგანდისტული, დეზინფორმაციისა და სიძულვილის ენის გამავრცელებელი მედიასაშუალებების წინააღმდეგ, არამედ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიების შესახებ შევიდეს კომისიაში, რაც რეპუტაციული ზიანის გარდა, ფინანსურ ტვირთსაც ნიშნავს მათთვის.
“რამდენიც არ უნდა იძახოთ, რომ ეს ევროდირექტივის შესრულებაა, შედეგი იქნება რუსული” - უთხრა დღეს კოლეგებს ანა ნაცვლიშვილმა, პარტია ლელოდან.
გარდა ცვლილებების შინაარსისა, ოპოციზიას კითხვები ჰქონდა დაჩქარებული ტემპით მიღებასთანაც - ევროკომისიის 12 პუნქტიდან ერთ-ერთი სწორედ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას და იკლუზიურ პოლიტიკურ პროცესს გულისხმობს. 2 დღეში მიღებული ცვლილებების განხილვაში არც მედიის და არც საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფართო ჩართულობა არ ყოფილა. მეტიც, პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვების უმეტესობა უპასუხოდ დარჩა პლენარულ სხდომაზე, კანონპროექტის განხილვაზე.
“კონკრეტულად რა პრობლემამ განაპირობა ეს ცვლილება, შეგიძლიათ მაგალითი მითხრათ, რა არ იქნება ამის მერე ქართულ მედიაში? სიძულვილის ენა ისეთია, მე რომ ვიღაც არ მომეწონოს, ჩემ ტელევიზიაში გავაკრიტიკო და მან რომ მიჩივლის, სად გადის ის ზღვარი, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა არც სასამართლოს ვენდობით და არც ადმინისტრაციულ ორგანოებს, რომ არ მოხდება მედიის და თავისუფლების გამოხატვის შეზღუდვა? რა იყო თქვენთვის კონკრეტულად მიუღებელი, რაც აიკრძალება და ამის შემდეგ უკეთეს საქართველოში ვიცხოვრებთ?” - იკითხა 19 ოქტომბერს პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე დეპუტატმა პარტია “გირჩიდან”, იაგო ხვიჩიამ. არც მას და არც რომელიმე მის კოლეგას, რომელიც კონკრეტული მაგალითების მოყვანას ითხოვდა ცვლილებების ინიციატორისგან, პასუხი არ მიუღია. ითქვა მხოლოდ ის, რომ სიძულვილის ენაც, უხამსობაც და ტერორიზმისკენ მოწოდებაც კანონმდებლობისთვის ნაცნობი ტერმინია, მათი გამოყენება ისედაც აკრძალული იყო და ცენზურის საფრთხეზე საუბარი გაზვიადებულია.
“ჩვენ ვანიჭებთ დამატებით უფლებამოსილებას უწყებას, რომლის მიმართაც არის კითხვები. ამ უწყებას ყავს ხელმძღვანელი რომელიც მაგალითად დადის გადაცემაში, რომელიც კონსპირაციის თეორიებს ავრცელებს, მაგალითად უცნობის გადაცემაში” - დეპუტატებს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის სანდოობის პრობლემურობის საკითხი “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” წარმომადგენელმა, მამუკა ანდღულაძემ შეახსენა საკომიტეტო განხილვაზე. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ პროცესი არაინკლუზიურად, დაჩქარებულად, იმ აქტორების მონაწილეების ჩართულობის გარეშე მიმდინარეობდა, რომლებზეც ამ ცვლილებას გავლენა ექნება.
როდის შედის კანონი ძალაში?
პარლამენტმა კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით, ორ დღეში მიიღო, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის უკვე ამოქმედდება. კანონი საბოლოოდ დასამტკიცებელად საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნება, რომელსაც შეუძლია ვეტოს უფლების გამოყენება. ბოლოს ვეტოს უფლება სალომე ზურაბიშვილმა ასევე დაჩქარებული ფორმით განხილულ კიდევ ერთ სადაო კანონპროექტს დაადო საპროტესტო აქციებზე კარვებისა და სხვა დროებითი კონსტრუქციების შეზღუდვის შესახებ.