27 ოქტომბერს საქართველოში აღინიშნება მთავრობის ინიციატივით დაწესებული "მასწავლებლის ეროვნული დღე". ამ დღესთან დაკავშირებით თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონია, რომელზეც დაასახელებენ გამორჩეულ პედაგოგებს. გამორჩეული მასწავლებლების გამოსავლენად სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული კონკურსის ჩატარების იდეა განათლების მინისტრს, გიორგი ამილახვარს, ეკუთვნის. კონკურსის მიმდინარეობისას სამინისტროს არ გაუსაჯაროებია არც იმ კომისიის შემადგენლობა, რომელიც საუკეთესო მასწავლებლებს გამოავლენს და არც კრიტერიუმები, რომლებითაც კომისია კონკურსანტების განხილვისას ხელმძღვანელობს.
დაჯილდოებამდე ერთი დღით ადრე, 26 ოქტომბერს, სამინისტროს ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა საპრომოციო ვიდეორგოლი, რომელშიც ასახულია მუშაობის პროცესი და ჩანან კომისიის წევრები. ამ ვიდეოდან ირკვევა, რომ საუკეთესო მასწავლებლების გამოვლენის პროცესში ჩართული იყვნენ ექიმი თემურ მიქელაძე, მწერალთა სახლის ხელმძღვანელი და ყოფილი დეპუტატი "ქართული ოცნებიდან", ქეთი დუმბაძე, კალათბურთელი ანატოლი ბოისა, რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი, ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი ტელეკომპანია "იმედის" ერთ-ერთი სახე ნოე სულაბერიძე. კომისიის მუშაობის კადრებში ჩანან ასევე ტელეწამყვანი და თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე, მომღერალი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია, ფილოლოგი გია მურღულია, პედაგოგი და ფსიქოლოგი შალვა ამონაშვილი, ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე. ამ ვიდეოს მიხედვით, კომისიას განსახილველად ჰქონდა 30-კაციანი სია.
დაჯილდოების ცერემონიალზე, არსებული ინფორმაციით, უნდა გამოვლინდეს 15 გამორჩეული მასწავლებელი - სახელმწიფო მათ გადასცემს ფულად ჯილდოს 10 000 ლარის ოდენობით და სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილ სამკერდე ნიშანს.
ასევე ნახეთ 27 ოქტომბერი მასწავლებლის ეროვნული დღედ გამოცხადდება