Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

27 ოქტომბერი მასწავლებლის ეროვნული დღედ გამოცხადდება


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 ოქტომბერი, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე გამოცხადდება მასწავლებლის ეროვნულ დღედ. როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, ყოველწლიურად, ამ დღეს გამოვლინდებიან ღირსეული და დამსახურებული მასწავლებლები.

„ჩვენი ღვაწლმოსილი, დამსახურებული, გმირი მასწავლებლებისთვის ვიწყებთ სხვადასხვა მხარდამჭერი და დამხმარე, სოციალური, ფინანსური და პრესტიჟის ასამაღლებელი ღონისძიებების მხარდამჭერ მექანიზმებს. პირველი გახლავთ ეს. სიმბოლურად 27 ოქტომბერი შეირჩა, ეს არის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე, მასწავლებლის და პედაგოგიკის ფუძემდებლის. სიმბოლურია, რომ ამ დღეს განათლების სისტემაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სხვადასხვა ნომინაციაში ღირსეული და დამსახურებული მასწავლებლები გამოვლინდებიან, რომელთაც გადაეცემათ სპეციალური ფულადი ჯილდო 10 ათასი ლარის ოდენობით. ამ ეროვნული დღისთვის, სპეციალურად შექმნილია სამკერდე ნიშანი", - განაცხადა მინისტრმა.

გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, რომ სამინისტრო განსაზღვრავს შესაბამის კრიტერიუმებს. „კრიტერიუმები იქნება ზოგადი ხასიათის - ყველა მასწავლებელს, ვისაც წვლილი მიუძღვის იმ წელს სწავლის პროცესში განსაკუთრებულ მიდგომაში, სხვადასხვა სწავლის მეთოდის დანერგვაში, ბავშვებთან განსაკუთრებული მიდგომების გამოვლენაში, მშობლებთან ურთიერთობაში, სასკოლო საზოგადოებასა და სკოლის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით შევაგროვებთ სკოლის მასწავლებლების ისტორიებს", - თქვა მან.

მინისტრის განმარტებით, ფართო ინკლუზიური კომისიის შემადგენლობაში სამინისტროს წარმომადგენლების გარდა, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები შევლენ.

XS
SM
MD
LG