USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის ბიუროში, ელჩი ერინ ელიზაბეტ მაქიი გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლების და მმართველი პარტიის წარმომადგენლების ბრალდებებს, თითქოს USAID-ი აფინანსებს რევოლუციურ სცენარებს, აქეზებს ექსტრემიზმს საქართველოში და ერევა არჩევნებში.
ერინ მაქიის განცხადებით, USAID-ი "მრავალ სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციასთან მუშაობს, რათა გააძლიეროს და გააუმჯობესოს დემოკრატიული პროცესი" და „ნებისმიერი პრეტენზია, რომ აშშ USAID-ის მეშვეობით მხარს უჭერს რევოლუციას, აბსოლუტურად ყალბია და დეზინფორმაციაა".
"ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ორგანიზაციას, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს ხალხს... ჩვენ ფოკუსირებული ვართ დემოკრატიის დაცვაზე“, - უპასუხა ერინ მაქიიმ მედიის წარმომადგენლებს თბილისში, განათლების სფეროში 14 მლნ დოლარით დაფინანსებული ერთ-ერთი პროექტის გახსნის ღონისძიებაზე.
USAID-ის პროგრამა "განათლება მომავლისთვის საქართველოში" 5 წლის მანძილზე ხელს შეუწყობს მომავალ მასწავლებელთა მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამების ხარისხისა და ინკლუზიურობის გაზრდას, სკოლის მართვის გაუმჯობესებასა და სკოლის ავტონომიურობის გაძლიერებას.
ერინ მაქიი თბილისში ასევე დაესწრო "აბრეშუმის გზის ფორუმს".
ასევე ნახეთ შეკრული წრე. "ოცნება" არა რუსეთს, არამედ დასავლეთს ადანაშაულებს ექსტრემიზმის დაფინანსებასა და არჩევნებში ჩარევაშისაქართველოს პარლამენტის სპიკერმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, USAID-ი ჩაერია.
USAID-ის წინააღმდეგ ბრალდებებს წინ უძღოდა ოქტომბრის დასაწყისში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მორიგი გამოძიების დაწყება საერთაშორისო პარტნიორების დაფინანსებით გამართულ „ტრენინგების საქმეზე“.
გამოძიება დასრულებული არ არის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ USAID-ის მიერ დაფინანსებული ტრენინგის „პირდაპირი მიზანი იყო საქართველოში რევოლუციის მომზადება“.
სუსის ვერსიით, USAID-ის დაფინანსებით თბილისში ჩატარებულ სწავლებაზე [26-29 სექტემბერი] გადაამზადეს დიდი ჯგუფი, რომელმაც „გადამწყვეტი როლი“ უნდა შეასრულოს „ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში“.