პოლიტიკოს ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი და შინაგანი ჯარების ჩეჩნური ბატალიონის, "ჩრდილოეთის", ყოფილი ოფიცერი რუსლან გერემეევი ჩეჩნეთში შექმნილ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ახალ ბატალიონს უხელმძღვანელებს. ამის შესახებ სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ადამ დელიმხანოვმა ტელეგრამის არხით გაავრცელა ცნობა.
დელიმხანოვის თქმით, გერემეევმა თავი წარმოაჩინა, როგორც "ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის, ახმატ კადიროვის გუნდის ღირსეულმა წარმომადგენელმა", რომელიც "გაბედულად და მაღალ დონეზე ასრულებს მის წინაშე დასახულ ნებისმიერ ამოცანას."
დელიმხანოვმა ასევე განაცხადა, რომ ახალი ბატალიონი კავკასიის პირველი იმამის, შეიხ მანსურის სახელს ატარებს. ამავე სახელწოდების მოხალისეთა დანაყოფი უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს 2014 წლიდან იბრძვის და მასში შედიან ჩეჩნეთის და ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რეგიონების წარმომადგენლები, რომლებიც პუტინის და კადიროვის რეჟიმებს უპირისპირდებიან.
ასევე ნახეთ
კადიროვი აცხადებს, რომ ახალჩამოყალიბებული ბატალიონი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რიგებში იბრძოლებს
2022 წლის მარტში რამზან კადიროვმა გამოაქვეყნა რუსლან გერემეევის ამსახველი ვიდეო. ჩეჩნეთის მეთაურმა თქვა, რომ გერემეევი ხელმძღვანელობს "მის ერთეულს", რომელმაც "ყოვლისშემძლე ალაჰის დახმარებით სძლია "ნაციკებს" და წაართვა მათ ადმინისტრაციული ცენტრი [მარიუპოლი]". ჟურნალისტები თვლიან, რომ გერემეევის ოჯახმა ილიჩის სახელობის მეტალურგიულ ქარხანაზე მოიპოვა წვდომა, როგორც "ჯილდო" იმისთვის, რომ უკრაინაში იბრძოდნენ.
ცნობილია, რომ ქალაქ მარიუპოლის ბრძოლებში რუსლან გერემეევი დაიჭრა და საავადმყოფოში იგი რამზან კადიროვმა მოინახულა.
ასევე ნახეთ
ბორის ნემცოვის მკვლელობის სავარაუდო ორგანიზატორი რუსლან გერემეევი უკრაინის წინააღმდეგ ომში დაიჭრაბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს, გვიან საღამოს, კრემლიდან ასი მეტრის დაშორებით, ბოლშოი მოსკვორეცკის ხიდზე მოკლეს. პოლიტიკოსის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს და გაასამართლეს ჩეჩნეთის ხუთი მოქალაქე: ზაურ დადაევი (მკვლელობის უშუალო დამნაშავე), ძმები ანზორ და შადიდ გუბაშევები, თემირლან ესკერხანოვი და ხამზატ ბახაევი. მათ 11-დან 20 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს. მკვლელობის ორგანიზატორები ჯერ არ არიან ნაპოვნი.
ნემცოვის მკვლელობის დღეს ასლანბეკ ხატაევმა და რუსლან გერემეევმა (ჯგუფის კიდევ ერთმა მთავარმა წევრმა) თავად დაურეკეს და ასევე უპასუხეს რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრების, სულეიმან გერემეევისა და ადამ დელიმხანოვის - ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვის ერთ-ერთი უახლოესი თანამოაზრის - ზარებს.
მათ დეპუტატების თანაშემწეებმაც დაურეკეს. ხატაევთან და გერემეევთან ზარები განმეორდა ასევე თავდასხმაში მონაწილე ჯგუფის ნაწილის ევაკუაციის დროს, - ნათქვამია "მედიაზონისა" და საზოგადოებრივი ანტიკორუფციული პროექტის, "სკანერის" ჟურნალისტურ გამოძიებაში.
შემდგომში კადიროვმა ამის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე და აბსურდი უწოდა.