საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. ათონელის სასახლეში გამართული შეხვედრის შესახებ მოკლე ვიდეოჩანაწერი ჟურნალისტებს ადმინისტრაციის პრესსამსახურმა მიაწოდა - საუბრის შინაარსი უცნობია.
ელჩების გარდა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც.
ასევე ნახეთ "ვერავინ და ვერაფერი შემიშლის ხელს" - პრეზიდენტის იმპიჩმენტი ჩავარდა, გამოწვევები რჩება"პრეზიდენტი საკუთარ გეგმებს საზოგადოებას უახლოეს მომავალში თავად გააცნობს. ერთი რამ არის ნათელი, რომ ის არ აპირებს დაემორჩილოს რუსეთის და მათი მოკავშირე ხელისუფლების მცდელობებს, ჩავარდეს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის პერსპექტივა. ამ თვალსაზრისით, პრეზიდენტი აპირებს, რომ გააგრძელოს შესაბამისი მოქმედება ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად. თუ როგორ, ამას თავად გაგაცნობთ", - თქვა პარტია "ლელოს" წევრმა სალომე სამადაშვილმა გუშინ, 24 ოქტომბერს, შეხვედრის დასრულების შემდეგ.
წინა დღეს, 23 ოქტომბერს კი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა ილაპარაკა პრეზიდენტთან შეხვედრის დეტალებზე.
"მანაც განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ და ყოველ ვიზიტზე იმ კონკრეტულ ადამიანებს შევხვდეთ, რომლებმაც სტატუსთან დაკავშირებით შეიძლება, გადაწყვეტილება მიიღონ. ფიზიკურად წავა თუ არა, ნამდვილად არ ვიცი, თუმცა ის, რომ თავის ყველა ამ კავშირს გამოიყენებს, ფაქტია. მას ნამდვილად მეტი კავშირი აქვს, ვიდრე მმართველ პარტიას, ევროპელ ლიდერებზე უფრო, ასე ვთქვათ, სერიოზული გავლენები აქვს, ვიდრე მმართველ პარტიას. შესაბამისად, იგი ამ ყველაფერს გამოიყენებს, უკან არ დაიხევს", - თქვა ეკა გიგაურმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრები განაახლა საკონსტიტუციო სასამართლოში მის წინააღმდეგ შეტანილ წარდგინებაზე უარყოფითი დასკვნის გამოცხადების შემდეგ - 9-წევრიანი სასამართლოს 6-მა მოსამართლემ მიიჩნია, რომ პრეზიდენტს უცხო ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს სჭირდება მთავრობის თანხმობა, რასაც "ქართული ოცნების" ხელისუფლება მას ბოლო დროს არ აძლევს.
ასევე ნახეთ კონსტიტუციის ნებისმიერი დარღვევა იმპიჩმენტის საფუძველია - როგორ დაასაბუთა ექვსმა მოსამართლემ პრეზიდენტის საქმე ასევე ნახეთ კოლეგებმა არასწორად განმარტეს პრეზიდენტის მანდატი - რას ეფუძნება საკონსტიტუციოს 3 მოსამართლის განსხვავებული აზრი1 სექტემბერს გახდა ცნობილი, რომ მმართველი პარტია იწყებდა საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას. საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის სახელით საკონსტიტუციო წარდგინება სასამართლოში 14 სექტემბერს შევიდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საკითხის განსახილველად და დასკვნის მოსამზადებლად კონსტიტუცია 1-თვიან ვადას აძლევდა. პრეზიდენტის იმპიჩმენტის პარლამენტში კენჭისყრაზე გასატანად აუცილებელი იყო სასამართლოს უარყოფითი დასკვნა (9 მოსამართლიდან 6-ის თანხმობა).
16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა, რომ ევროკავშირის სამ ქვეყანაში მთავრობის თანხმობის გარეშე მოგზაურობით სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.
18 ოქტომბერს, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის კენჭისყრისას, საქართველოს პარლამენტში ვერ მოგროვდა 100 დეპუტატი, რომლებიც მხარს დაუჭერდნენ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას.
კენჭისყრის წინ რეგისტრაცია გაიარა 90-მა დეპუტატმა, პრეზიდენტის იმპიჩმენტს მათგან მხარი დაუჭირა 86-მა, ერთი იყო წინააღმდეგი - დეპუტატი, რომელმაც ხმა არ მისცა სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს, ალეკო ელისაშვილია.
ასევე ნახეთ პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ შედგა