უკრაინის ომში მთიანი ალტაის ერთ-ერთი კოლეჯის 21 კურსდამთავრებული დაიღუპა

სამხედრო ანატოლი სტენინის დაკრძალვა სოფელ კუიუსში, მთიანი ალტაი

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მიმდინარე ბრძოლებში მთიან ალტაიში მდებარე გნეზდილოვის სახელობის პოლიტექნიკური კოლეჯის 21 კურსდამთავრებული დაიღუპა. „სიბირ.რეალიის“ თანახმად, ამის შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც მთიანი ალტაის სახელმწიფო საბჭომ დაღუპულთა პატივსაცემად "ხსოვნის წიგნის" პრეზენტაცია გამართა.

ღია წყაროების თანახმად, გასული თვის განმავლობაში უკრაინაში დაიღუპა მთიანი ალტაიდან გაწვეული 12 სამხედრო მოსამსახურე.

გამოცემა „მედიაზონისა“ და BBC-ის რუსული სამსახურის ცნობით, 19 ოქტომბრამდე პერიოდში, უკრაინაში მთიანი ალტაიდან გაწვეული 141 ჯარისკაცი დაიღუპა, სექტემბრისთვის დაღუპულთა რიცხვი 135 იყო. ამრიგად, მთიანი ალტაიდან გაგზავნილი სამხედროების რიგებში სიკვდილიანობის რიცხვი თვეში თითქმის 10%-ით გაიზარდა. „სიბირ.რეალიის“ გამოთვლით, ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ციმბირის რეგიონებს შორის.

  • ახლახან ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიის რუსული სამსახურისა და „მედიაზონის“ ჟურნალისტებმა მოხალისეთა ჯგუფთან ერთად დაადასტურეს უკრაინასთან ომში 34 857 რუსი ჯარისკაცის დაღუპვის ფაქტი. ამასთან, ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაღუპულთა სია 953-ით გაიზარდა.
  • ყველაზე მეტად ცოცხალი ძალის დანაკარგი გაიზარდა მობილიზებულთა შორის. საერთო ჯამში, ჟურნალისტებმა ღია წყაროებში იპოვეს 4056 ნეკროლოგი, რომლებიც ეძღვნებოდა ომში მობილიზაციით გაწვეულ პირებს. 1000-ზე მეტი მობილიზებული დაიღუპა 2023 წლის ივნისის შემდეგ, უკრაინის კონტრშეტევის დაწყების მომენტიდან.
  • უკრაინასთან ომში ასევე დაიღუპა 6410 პატიმარი და 3532 მოხალისე.

ასევე ნახეთ

დასტურდება 6,4 ათასი რუსი პატიმრის დაღუპვა უკრაინასთან ომში
  • მოსკოვი ომის დანაკარგებს არ ამხელს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაღუპულთა საერთო რაოდენობა ბოლოს გასული წლის 21 სექტემბერს გამოაცხადა. მაშინ საუბარი იყო 5937 დაღუპულზე.