ისრაელის და პალესტინელთა რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ ომით გამოწვეული ესკალაციის გამო, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ჩავიდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაგზავნილი ესკადრილია, რომელიც F-16 ტიპის თვითმფრინავებისგან შედგება.
თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა პატრიკ რაიდერმა 24 ოქტომბერს განაცხადა, რომ სამხედრო-საჰაერო ძალების ეროვნული გვარდიის 119-ე საექსპედიციო გამანადგურებელი რაზმი უკვე იმყოფება შეერთებული შტატების არმიის ცენტრალური სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში. პენტაგონი ესკადრილიის დისლოკაციის კონკრეტულ ადგილს არ ასახელებს. რაიდერის თანახმად, ესკადრილია რეგიონში გაგზავნილ სხვა ძალებთან ერთად უზრუნველყოფს იქ მყოფი ამერიკელი სამხედროების თავდაცვის გაძლიერებას.
პენტაგონის პრესმდივნის ინფორმაციით, 7 ოქტომბრიდან, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებებმა ერაყსა და სირიაში ანტიტერორისტული მისიით მყოფ ამერიკელ სამხედროებზე განახორციელეს ათზე მეტი თავდასხმა.
ასევე ნახეთ გახშირდა შეტევები ერაყსა და სირიაში მყოფ ამერიკელ სამხედროებზე2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ, როცა ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას მოჰყვა ამ რადიკალური ისლამისტური მოძრაობისთვის ისრაელის მიერ ომის გამოცხადება, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახლო აღმოსავლეთში დამატებით გაგზავნა ავიამზიდები, სარაკეტო ბატალიონები და საზღვაო ქვეითები.