გარემოს დაცვის სამინისტრო: რაჭაში შეიქმნება განსაკუთრებული დაცულობის ტერიტორია

ნინო თანდილაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე

„ნურავინ შეეცდება, საკუთარ ძალისხმევად გაასაღოს მთელი ეს პროცესი, რაც ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად - ჩვენი გეგმაა, საგაზაფხულო სესიაზე, ადგილობრივ თვითმმართველობასთან და მოსახლეობასთან შეჯერებული საკითხი შევიტანოთ პარლამენტში და რაჭის ტყეებსა და მიმდებარედ განსაკუთრებული დაცულობის სტატუსის ტერიტორია შევქმნათ“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

თანდილაშვილის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ინვესტორმა, რომელსაც აღნიშნულ ტერიტორიებზე სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია ჰქონდა, პირობები არ შეასრულა, სამინისტრომ მაისიდან დაიწყო მუშაობა, რომ რაჭის ტყეები და მიმდებარე სოფლები ადგილობრივ ხელისუფლებას გადაეცეს:

„რაჭის ტყეების და მიმდებარე სოფლების გადაცემას ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ვგეგმავთ. მართვაში ჩართული იქნება ადგილობრივი მოსახლეობაც. დიდი ხანია ამ საკითხზე მუშაობა დაწყებულია. საზოგადოებაში არსებობს კითხვა, თუ რა ხდება სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიასთან დაკავშირებით. ეს ლიცენზია დაახლოებით ერთი წლის წინ კონკრეტული პირობებით გაიცა ინვესტორზე. მათ შორის, ეს შეეხებოდა ადგილზე ეკოტურიზმის განვითარებას, სანადირო სახეობების განვითარებას, ცალკეული ბიომრავალფეროვნების სახეობების აღდგენას. რაც ყველაზე მთავარია, ამ სალიცენზიო საქმიანობის ფარგლებში არ იკრძალება მოსახლეობისთვის ტყეში შესვლა, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა, გადაადგილება და ეს ტერიტორიები საკუთრებაში არავის გადასცემია, დღესაც სახელმწიფოს საკუთრებაშია. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მაისში დავინახეთ, ლიცენზიანტის მხრიდან სალიცენზიო ვალდებულებები არ სრულდებოდა, სახელმწიფომ, გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტმა კანონმდებლობის შესაბამისად ყველა ზომა გაატარა და დავიწყეთ დაჯარიმების პროცესი, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ლიცენზიის პირობების შეუსრულებლობისთვის, ნებისმიერი ლიცენზიანტი პასუხისმგებელია. შესაბამისი ეტაპებია, რაც აუცილებელია, რათა საბოლოოდ სამართლებრივი შედეგი დადგეს“.

ასევე ნახეთ „ვინც აგებს პასუხს, ისინი ჩამოვიდნენ“ - „რიონის მცველები“ რაჭის ტყის გასხვისებას აპროტესტებენ

რაც შეეხება განსაკუთრებული დაცულობის მქონე ტერიტორიის შექმნას, ამასთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ამბობს, რომ სამინისტრო მუშაობს ადგილობრივ მოსახლეობასა და ხელისუფლებასთან ერთად, რათა შეიქმნას ისეთი სტატუსის მქონე დაცული ტერიტორია, რომელიც იქ მცხოვრებ ადამიანებს ხელს არ შეუშლის ტრადიციული საქმიანობის განხორციელებაში და დამატებით, ხელს შეუწყობს რეგიონში ეკოტურიზმის განვითარებას, რაც სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ნუ შეიყვანენ ადგილობრივ მოსახლეობას შეცდომაში. მაისიდან დაწყებულია ამ საკითხზე მუშაობა და ნურავინ შეეცდება, საკუთარ ძალისხმევად გაასაღოს მთელი ეს პროცესი, რაც ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად. ჩვენი გეგმაა, რომ საგაზაფხულო სესიაზე, ადგილობრივ თვითმმართველობასთან და მოსახლეობასთან შეჯერებული საკითხი შევიტანოთ პარლამენტში და შევქმნათ განსაკუთრებული დაცულობის სტატუსის ტერიტორია“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა, რომლის თქმითაც, ინვესტორმა არ შეასრულა პირობა და არ წარმოადგინა ტერიტორიის განვითარების გეგმა.

ასევე ნახეთ TI: ხიდაშელისთვის რაჭაში ტყის გადაცემით საქართველომ 2 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი დაკარგა

„ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რაზეც სახელმწიფომ პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა. ეს გეგმა მოსახლეობასთან განხილვებს ითვალისწინებდა. არცერთი ეს ვალდებულება არ შესრულდა“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.