აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ კომენტარი გააკეთა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გავლით სარკინიგზო ტრანზიტის დაწყების შესაძლებლობაზე. ბჟანიას თქმით, აზერბაიჯანსა და სომხეთში შექმნილი ვითარება ახალი სარკინიგზო დერეფნის ამოქმედების საჭიროებასა და წინაპირობას ქმნის.
„ალტერნატივის სახით შესაძლებელია ტრანზიტი დაღესტნის გავლით, მაგრამ ასევე შესაძლებელია ამ საკითხში აფხაზეთის ინტეგრირებაც, თუ ჩვენ გამოვიჩენთ მზადყოფნას, თუ მზადყოფნას გამოავლენს ქართული მხარე. ეს ყველაფერი შეესაბამება ჩვენს ინტერესებს. ცოტა ხნის წინ ჩამოსული იყო „რუსეთის რკინიგზის“ სპეციალისტების წარმომადგენლობითი დელეგაცია. ეს მათი მეორე სტუმრობა იყო. დაათვალიერეს აფხაზეთის რკინიგზის აღმოსავლეთი ნაწილი. მოგეხსენებათ, ოჩამჩირის იქით რკინიგზა ან სრულადაა მოშლილი, ან ავარიულ მდგომარეობაში იმყოფება საინჟინრო ინფრასტრუქტურა - საკუთრივ გზა, ხიდები, ელექტროგაყვანილობა, გვირაბები და ა.შ. ეს ყველაფერი აღსადგენია. კომისიის სტუმრობის შემდეგ მიმდინარეობს გაანგარიშება, რა შეიძლება დაჯდეს ამ მონაკვეთის აღდგენა. კომპლექსური საკითხია - როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური. იმისათვის, რომ ტრანზიტი განხორციელდეს აფხაზეთის ტერიტორიის გავლით, საჭიროა ამ საკითხების დარეგულირება როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, გადაზიდვები აფხაზეთზე გავლით ეკონომიკურად უფრო მომგებიანი იქნება, ვიდრე დაღესტნის მიმართულება. თუ საუბარია რუსეთის ევროპულ ტერიტორიაზე, ცხადია, ბევრად მომგებიანია. ჩვენ მზად ვარ საუბრისთვის. ვამზადებთ შესაბამის წინადადებას, თუმცა ჯერ არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არაა“, - განაცხადა ასლან ბჟანიამ 20 ოქტომბერს გამართულ პერსკონფერენციაზე.
ასევე ნახეთ ზახაროვას თქმით, რუსეთი მიმართავს ძალისხმევას "აფხაზეთისკენ" რკინიგზის აღსადგენად2021 წელს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს განცხადებით მიმართა, რომ აფხაზეთი მზადაა, „თანაბარი პირობებით“ მონაწილეობა მიიღოს რუსეთსა და სომხეთს შორის სარკინიგზო კავშირის გახსნის პროექტში.
საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, რუსეთ-საქართველოს სარკინიგზო კომუნიკაციის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.