რადიკალურმა პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“ განაცხადა, რომ გაათავისუფლა ორი მძევალი, რომლებიც 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის შემდეგ ჰყავდათ ღაზაში.
სავარაუდოდ, საუბარია დედა-შვილზე - 59 წლის ჯუდით და 18 წლის ნატალი რაანანებზე. ისრაელის მოქალაქეობის გარდა, ისინი შეერთებული შტატების მოქალაქეებიც არიან. როგორც იტყობინებიან, მათი გათავისუფლების თაობაზე მოლაპარაკებებში კატარი შუამავლობდა.
მძევლების გათავისუფლება ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ, მაგრამ ისრაელის მედია იტყობინება, რომ ისინი ეგვიპტის ხელისუფლებას გადასცეს ღაზის სექტორსა და ეგვიპტეს შორის საზღვარზე.
ასევე ამტკიცებენ, რომ ქალები გაათავისუფლეს „ჰუმანიტარული მიზეზების გამო“, ყოველგვარი პირობების გარეშე.
უკანასკნელი მონაცემებით, „ჰამასმა“ ისრაელზე თავდასხმის შედეგად ხელში ჩაიგდო 200-ზე მეტი მძევალი. მათ შორის არის 20-ზე მეტი ბავშვი, რომელთაგან ყველაზე უმცროსი 9 თვისაა. 7 ოქტომბრიდან მოყოლებული, ისრაელში ექსტრემისტების თავდასხმებს 1400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ღაზის კონტროლქვეშ მყოფი ოფიციალური პირების თქმით, 7 ოქტომბრის შემდეგ შეიარაღებულ დაპირისპირებაში ღაზის სექტორში 4 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ასევე ნახეთ „ჰამასი“ მძევლების მოკვლით იმუქრება