TI პრეზიდენტს მოუწოდებს, „მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებებს ვეტო დაადოს

ფოტოილუსტრაცია

„მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაჩქარებული წესით შეტანილ ცვლილებებს განცხადებით გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" (TI). როგორც ორგანიზაცია აცხადებს, მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებული ინიციატივით, კომუნიკაციების კომისია შეძლებს დაარეგულიროს მაუწყებლების პროგრამებსა და რეკლამებში სიძულვილის ენისა და უხამსობის გავრცელება, რაც ამ დრომდე სრულად თვითრეგულირების ნაწილი იყო. ამასთან, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილება მნიშვნელოვნად ფართოვდება უხამსობის შემცველი პროგრამებისა და რეკლამების განთავსების ნაწილშიც და ის თვითრეგულირებიდან რეგულირების სფეროში გადადის. სიძულვილის ენის შესაძლო გამოყენების შესახებ მაუწყებლების თვითრეგულირების ორგანოების (მაგ: მაუწყებლების მიერ შექმნილი კომისიებისა და სააპელაციო საბჭოების) ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება კი შესაძლებელი იქნება კომუნიკაციების კომისიაში, შემდეგ კი უკვე სასამართლოში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" მიიჩნევს, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისთვის უხამსობის და სიძულვილის ენის საკითხების გადაწყვეტის უფლების მინიჭება სცდება კომისიის ფუნქციებს, მას მედიაპროდუქტის შინაარსის რეგულირების საშუალებას აძლევს და საფრთხის შემცველია გამოხატვის თავისუფლებისათვის.

„სიძულვილის ენის რეგულირების მიზანი, უპირველეს ყოვლისა, უმცირესობების დაცვა უნდა იყოს. რამდენად კარგად იმუშავებს კანონი და წესი, რომელიც, შესაძლოა, თავისთავად ცუდი იდეის მატარებელი არ იყოს, დამოკიდებულია ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ინსტიტუციების დამოუკიდებლობაზე. ხელისუფლებამ არაერთ კრიტიკულ სიტუაციაში ვერ უზრუნველყო უმცირესობების სათანადო დაცვა. ამ შემთხვევაშიც საეჭვოა, რომ სიძულვილის ენის რეგულირებამ შედეგად მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა მოიტანოს. პირიქით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, სიძულვილის ენის რეგულირება შეიძლება რადიკალური ჯგუფების მიერ იყოს გამოყენებული სწორედ უმცირესობათა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დასარღვევად.

სიძულვილის ენის რეგულირებაზე „მაუწყებლობის შესახებ” კანონის პრობლემურობასა და მის ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შეუსაბამობაზე თავის დასკვნაში საუბრობენ ევროპის საბჭოს დამოუკიდებელი ექსპერტებიც. მათი აზრით, კანონი, სავარაუდოდ, დაარღვევს გამოხატვის თავისუფლების შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლს. ისინი სიძულვილის ენის რეგულირების სხვადასხვა მოდელზე მსჯელობისას აღნიშნავენ, რომ „რეკომენდებულია, სიძულვილის ენა დარჩეს თანარეგულირების ობიექტად, გაუმჯობესებული თანარეგულირების მექანიზმის პირობებში“, - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ კანონი ვერ უზრუნველყოფს იმ მიზნის მიღწევას, რისთვისაც განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში დაშვებულია სიძულვილის ენის და უხამსობის სამართლებრივი რეგულირება და ის შესაძლოა, სადამსჯელო ბერკეტად იქცეს კრიტიკული მედიის წინააღმდეგ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მიიჩნევს, რომ მსგავსი მნიშვნელობის ცვლილებები არ უნდა მიიღებოდეს დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების და ფართო ჩართულობის გარეშე, რასაც მოითხოვს ევროდირექტივაც აუდიოვიზუალური მედიამომსახურების შესახებ.

TI მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, ვეტო დაადოს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც „კრიტიკული მედიის ცენზურისა და დასჯის საფრთხეს შეიცავს".

ასევე ნახეთ რეგულაცია თვითრეგულაციის ნაცვლად - პარლამენტმა მაუწყებლობის კანონში სადავო ცვლილებები დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა „მაუწყებლობის შესახებ” კანონში სადავო ცვლილებები და 19 ოქტომბერს მიიღო.