წუხელ ისრაელის არმიამ ღაზაში დარტყმები განახორციელა "ჰამასთან" დაკავშირებულ ასზე მეტ სამიზნეზე

საილუსტრაციო ფოტო: ღაზის დაბომბვა. 9 ოქტომბერი, 2023.

ხუთშაბათს ღამით ისრაელის სამხედროებმა დარტყმები მიაყენეს ღაზის სექტორში ასზე მეტ სამიზნეს, რომლებიც დაკავშირებულია რადიკალურ დაჯგუფება „ჰამასთან“. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს 20 ოქტომბრის პრესრელიზში.

ისრაელის საჰაერო ძალების მოიერიშე თვითმფრინავების სამიზნეები მოიცავდა მიწისქვეშა გვირაბს, იარაღის საწყობებს და „ჰამასის ათობით ოპერატიული მართვის ცენტრს“.

ისრაელის თავდაცვის ძალები ასევე იტყობინებიან „ჰამასის“ სამხედრო ხელმძღვანელობის წევრის, ამჯად მაჯედ მუჰამად აბუ ოდეჰის, მკვლელობის შესახებ, რომელსაც ისრაელის ხელისუფლება ადანაშაულებს ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმაში მონაწილეობაში და ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობაში.

ისრაელის სამხედროთა განცხადებაში ასევე საუბარია ტერორისტული ჯგუფის „ნეიტრალიზაციაზე“ და ჯაბალიის რაიონში მდებარე მეჩეთში განთავსებული იარაღის განადგურებაზე.

ვრცელდება ცნობები ღაზაში წმ. პორფირეს ეკლესიის დაბომბვის შესახებ. „ჰამასი“ აცხადებს, რომ მასში თავს აფარებდა მინიმუმ 500 მუსლიმი და ქრისტიანი და დაბომბვის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 18 ადამიანი. XII საუკუნის ეკლესია იერუსალიმის ბერძნულ მართლმადიდებელ საპატრიარქოს ეკუთვნის.

ასევე ნახეთ ვრცელდება ცნობები, რომ ღაზაში აფეთქება მოხდა წმ. პორფირეს ეკლესიაში

ისრაელის სამხედროებმა, ისრაელის ტერიტორიის დაბომბვის საპასუხოდ, ასევე შეუტიეს ისრაელის წინააღმდეგ მებრძოლი სხვა რადიკალური დაჯგუფების, „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურას. დარტყმები განხორციელდა, კერძოდ, სადამკვირვებლო და შეტყობინების პოზიციებზე.

ისრაელის ხელისუფლებამ გამოაცხადა ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ კირიათ-შმონის მოსახლეობის ევაკუაციის დაწყება. ევაკუაცია ხორციელდება „ჰეზბოლასა“ და სხვა ჯგუფების მხრიდან დაბომბვის ფონზე, იუწყება The Times of Israel-ი. 19 ოქტომბერს, გამოცემის ცნობით, სარაკეტო სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა. სულ ქალაქში დაახლოებით 22 ათასი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ ბევრმა უკვე დატოვა იგი.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებს უთხრა, რომ „მზადყოფნაში“ იყვნენ ღაზის სექტორში „ჰამასის“ მებრძოლების წინააღმდეგ მოსალოდნელი სახმელეთო ოპერაციის დაწყების წინ.

ისრაელი ღაზაში აგრძელებს სამხედრო ოპერაცია „რკინის ხმლებს“, მაგრამ ჯერ არ დაწყებულა დაპირებული სახმელეთო ოპერაცია რადიკალური ჯგუფების წინააღმდეგ. Reuters-ი იუწყება, რომ ისრაელი მზად არის სასტიკი ბრძოლებისთვის, მაგრამ ქვეყნის ხელისუფლებას ჯერ კიდევ არა აქვს წარმოდგენილი, რა უყოს ღაზის სექტორს, რომელსაც ჰამასი აკონტროლებს 2007 წლიდან, ომის დასრულების შემდეგ.