Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვრცელდება ცნობები, რომ ღაზაში აფეთქება მოხდა წმ. პორფირეს ეკლესიაში


წმ. პორფირეს ეკლესია ღაზაში. 20 ოქტომბერი, 2023.
წმ. პორფირეს ეკლესია ღაზაში. 20 ოქტომბერი, 2023.

მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ ხუთშაბათს ღამით აფეთქება მოხდა ღაზის სექტორში მდებარე წმინდა პორფირეს ეკლესიაში. როგორც Reuters-ი იტყობინება „ჰამასის“ კონტროლქვეშ მყოფ პალესტინურ მედიაზე დაყრდნობით, აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. მომხდარში „ჰამასმა“ ისრაელს დასდო ბრალი.

იერუსალიმის მართლმადიდებელმა საპატრიარქომაც ისრაელს დასდო ბრალი ეკლესიის დაბომბვისთვის. „იერუსალიმის მართლმადიდებელი საპატრიარქო მკაცრად გმობს ისრაელის ავიადარტყმას, რომელიც ქალაქ ღაზაში მდებარე ეკლესიების კომპლექსზე განხორციელდა“, - მოჰყავს საპატრიარქოს განცხადება Reuters-ს.

ისრაელის სამხედროების თანახმად, ავიაგამანადგურებლებმა დარტყმა განახორციელეს ახლომდებარე მართვისა და კონტროლის ცენტრზე, რომელიც ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმებისთვის გამოიყენებოდა.

„ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად დაზიანებულია ამ რაიონში მდებარე ეკლესიის კედელი. ჩვენთვის ცნობილია ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ. ინციდენტი განხილვის პროცესშია“, - ნათქვამია ისრაელის არმიის განცხადებაში.

პალესტინელთა მხარე ამტკიცებს, რომ ეკლესიაში, სულ მცირე, 500 მუსლიმი და ქრისტიანი აფარებდა თავს ისრაელის დაბომბვების დროს.

წმინდა პორფირეს ეკლესია XII საუკუნეშია აგებული ჯვაროსნების მიერ. ის მდებარეობს ალ-აჰლის საავადმყოფოს მახლობლად, რომელშიც სამშაბათს მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად, აშშ-ის წინასწარი გამოძიების თანახმად, 100-დან 300-მდე ადამიანი დაიღუპა.

როგორც Reuters-ი აღნიშნავს, ღაზის სექტორში, რომლის მოსახლეობა 2,3 მილიონს შეადგენს, ათასამდე ქრისტიანი ცხოვრობს. მათი უმრავლესობის აღმსარებლობაა ბერძნული მართლმადიდებელი ქრისტიანობა.

XS
SM
MD
LG