ანა მალიარის ნაცვლად უკრაინის სამხედრო უწყების პრესსამსახურს ოფიცერი და მწერალი ილარიონ პავლიუკი უხელმძღვანელებს

პავლიუკმა აღნიშნა, რომ დაასრულა სამსახური სამხედრო დაზვერვაში და ახალ თანამდებობაზე გადავიდა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტს ოფიცერი, მწერალი და პროდიუსერი ილარიონ პავლიუკი უხელმძღვანელებს. პავლიუკმა აღნიშნა, რომ დაასრულა სამსახური სამხედრო დაზვერვაში და ახალ თანამდებობაზე გადავიდა.

"ვიღებ თავდაცვის სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსის ახალ თანამდებობას. ახალი ამოცანები, ახალი ამბიციური მიმართულება, დიდი პასუხისმგებლობა. მადლობას ვუხდი თავდაცვის მინისტრს, რომ სჯერა ჩემი და ჩემი გუნდისა", - წერს ფეისბუკში პავლიუკი.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ვაკანტური იყო 18 სექტემბრიდან, როდესაც უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ანა მალიარი, ვოლოდიმირ გავრილოვი, როსტისლავ ზემლინსკი, დენის შარაპოვი, ანდრი შევჩენკო, ვიტალი დეინეგა და სამინისტროს სახელმწიფო მდივანი კონსტანტინ ვაშჩენკო.

თავდაცვის მინისტრის ყველა მოადგილემ თანამდებობიდან გათავისუფლების განცხადება ახალი მინისტრის, რუსტემ უმეროვის თხოვნით დაწერა.

ასევე ნახეთ

თანამდებობიდან გაათავისუფლეს უკრაინის თავდაცვის მინისტრის 6 მოადგილე