პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის მოსმენის დასრულების შემდეგ, სუსის ხელმძღვანელმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ადგილსამყოფლის შესახებ. როგორც ლილუაშვილმა თქვა, მან საქართველო დატოვა.
„რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის საქმის შესახებ გამოძიების დაწყებიდან მეორე დღესვე გამოიკითხა (და არა დაიკითხა) ბატონი ფარცხალაძე. მე მინდა გითხრათ, რომ მის მიერ გამოკითხვის რეჟიმში მოწოდებული ინფორმაცია არაფრით განსხვავდება ინფორმაციისგან, რომელიც მან განათავსა საჯარო სივრცეში. ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება გაიწერა, ნაწილი შესრულებულია, ნაწილი შესრულების ეტაპზეა. ბატონმა ოთარ ფარცხალაძემ დატოვა საქართველო, გამოკითხვიდან მეორე დღეს“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
მისი თქმით, სუსში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ორგანიზაციების ან დაქვემდებარებული ორგანიზაციების დახმარებას მტრულ საქმიანობაში, რაც ითვალისწინებს სასჯელს 7-დან 15 წლამდე.
საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე კვლავ აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 14 სექტემბერს გამოქვეყნდა რუსეთის უკრაინაში ომთან დაკავშირებული ამერიკული სანქციების ახალი სია. რუსეთის საქართველოზე მანკიერი გავლენის გამო ამ სიაში მოხვდა ფარცხალაძის გვარიც.
აშშ-ის განცხადებით, საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე თანამშრომლობდა რუსეთის მთავრობის საქმიანობაში ჩართულ პირთან, „ეფესბეს“ ოფიცერთან, ალექსანდრ ვლადიმირის ძე ონიშჩენკოსთან და „ეფესბე“ იყენებდა ფარცხალაძეს „ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად - რუსეთის სასარგებლოდ“.
იქვე იყო მითითებული, რომ ფარცხალაძეს რუსეთის მოქალაქეობა, სავარაუდოდ, „ეფესბეს“ დახმარებით ჰქონდა მიღებული.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ფარცხალაძის წინააღმდეგ სანქცია მოაქცია ქვეთავში „რუსეთის მანკიერი ზეგავლენა საქართველოში“ და ყოფილი მთავარი პროკურორის სანქცირება საქართველოს უსაფრთხოებას დაუკავშირა.
საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეობა შეუწყვიტა. ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქე გახდა, რაც საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველია.
ასევე ნახეთ სუსი: საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის მიზნით რუსეთი იყენებდა „ჰიბრიდული ომის" კომპონენტებს19 ოქტომბერს პარლამენტში სუსის 2022 წლის ანგარიში მოისმინეს.