Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუსი: საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის მიზნით რუსეთი იყენებდა „ჰიბრიდული ომის" კომპონენტებს


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი

სუსის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტის წინაშე წარადგინა უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში. მოხსენება ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, სახელმწიფო უსაფრთხოებასა და კონტრდაზვერვით საქმიანობას, ტერორიზმის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, საერთაშორისო თანამშრომლობასა და უწყებათაშორის კოორდინაციას.

ლილუაშვილმა განაცხადა, რომ 2022 წელს სუსის საქმიანობის უმთავრეს მიმართულებას ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეების განეიტრალება და გამოწვევებთან გამკლავება წარმოადგენდა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არსებით გამოწვევად მიიჩნევს ქვეყანაში უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების სადაზვერვო საქმიანობას. ანგარიშში მთავარი აქცენტი გაკეთებულია რუსეთის ფედერაციაზე.

„ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით მიმდინარეობა საქართველოს საზოგადოებრივი-პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის მცდელობები. ამასთან, დეზინფორმაციული კამპანიები მიმართული იყო უშუალოდ უსაფრთხოების დაზიანებისკენ.

საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაზე ზეწოლის მიზნით, რუსეთის ფედერაცია განაგრძობდა „ჰიბრიდული ომის“ სხვადასხვა კომპონენტის, ასევე უკანონო დაკავებების, ე.წ. ბორდერიზაციისა და უსაფრთხოების გარემოს დამაზიანებელი სხვა აქტივობების განხორციელებას.

„ჰიბრიდული ომის“ ფარგლებში მიმდინარეობდა დეზინფორმაციული კამპანია, ძირითადად საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე „რევანშისტული განწყობების“ ზრდაზე იყო კონცენტრირებული.

კამპანიის ფარგლებში ყურადღება ეთმობოდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩატარებულ საერთაშორისო წვრთნებსა და თავდაცვის შესაძლებლობების ზრდის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს.

მიმდინარეობდა რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული გამოგონილი, ცრუ ბრალდებებით ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის დაშინება", - ნათქვამია ანგარიშში, რომელიც ასახავს 2022 წლის მდგომარეობას.

გრიგოლ ლილუაშვილმა აქცენტი გააკეთა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებზე: „საანგარიშო პერიოდში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დააკავეს 44, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 13 პირი, მათ შორის საყურადღებოა ე.წ. ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქის დაკავების ფაქტი. ასევე ფიქსირდება ეთნიკური ქართველების „გამოკითხვაზე“ დაბარების, დაშინებისა და შევიწროების შემთხვევები, - აღნიშნა მან და დაამატა, - 2022 წლის დასასრულს უკანონო პატიმრობაში, საერთო ჯამში, საქართველოს 9 მოქალაქე იმყოფებოდა".

ანგარიშის თანახმად, 2022 წელს რუსეთის საოკუპაციო ძალა აქტიურად განაგრძობდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს: ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით იყო უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის 69, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 9 შემთხვევა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მიუთითებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკური ქართველები კვლავ განიცდიდნენ მიზანმიმართულ დისკრიმინაციას, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვას.

მოქმედებები პროდასავლური კურსის წინააღმდეგ

სუსი აცხადებს, რომ საქართველოზე იდეოლოგიური, პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის მოპოვებით დაინტერესებული გარე ძალები საკუთარი მიზნების რეალიზებისთვის იყენებდნენ მათდამი ფინანსური და სხვა დაინტერესების გამო ლოიალურად განწყობილი საქართველოს მოქალაქეების შესაძლებლობებს, ასევე საქართველოში სხვადასხვა სტატუსით მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.

„2022 წელს კვლავ აქტიურობით გამოირჩეოდნენ დესტრუქციულ გარე აქტორებთან შესაძლო კავშირის მქონე პროდასავლური კურსის მოწინააღმდეგე პოლიტიკური თუ ცალკეული ჯგუფები. მათ მიზანს სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით საქართველოს საერთაშორისო იმიჯის შელახვა წარმოადგენდა", - აღნიშნულია სუსის ანგარიშში.

„დეზინფორმაცია და პროპაგანდა"

გრიგოლ ლილუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას რუსეთ-უკრაინის ომის საქართველოში პოლიტიკური მიზნით გამოყენებაზე ილაპარაკა.

„ცრუ და დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელება მიზნად ისახავდა საქართველოს ურთიერთობების დაზიანებას სტრატეგიულ პარტნიორებსა და მოკავშირეებთან, ასევე ცალკეულ ქვეყნებთან. ამასთან, დაფიქსირდა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების აქტიური მცდელობები.

საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ზეგავლენის ოპერაციებისგან მეტი ეფექტის მისაღებად, კვლავ აქტუალური იყო შესაბამისი ტექნოლოგიების გამოყენება და კიდევ უფრო დახვეწა. ამასთან, აღნიშნულ პროცესებში ჩართული ცალკეული სახელმწიფოებისა და მათი სპეციალური სამსახურების მიერ აქტიურად გამოიყენებოდა მათდამი მატერიალურად ან სხვა დაინტერესების გამო დამოკიდებული ორგანიზაციები, კონკრეტული პირები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჯგუფები", - განაცხადა სუსის ხელმძღვანელმა.

მოხსენების შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში, დახურულ ფორმატში გაგრძელდა.

სხდომის დახურვა უარყოფითად შეაფასა ოპოზიციამ. „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ ლილუაშვილს შეკითხვებზე პასუხები არ აქვს და ამიტომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება.

„საჯარო დისკუსია არ უნდათ და ეს აჩვენებს, რომ ლილუაშვილს სალაპარაკო არ აქვს ხალხთან, არ აქვს პასუხები კითხვებზე. კითხვები რა არის - რა ხდება რუსეთის აგენტ ფარცხალაძესთან დაკავშირებით; რატომ არ არის გამოძიება ისეთივე ინტენსივობით, როგორც ეს დაიწყეს ჩვენი პარტნიორების მიერ მხარდაჭერილ არაერთ პროექტთან დაკავშირებით; რა ხდება კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით; იძიებს ღარიბაშვილის ჩარტერს, როგორც ყველაზე დიდ კორუფციულ სკანდალს?! - არ იძიებს. ამიტომ დახურეს სხდომა, რომ ხალხის ყურადღების მიღმა ჩაფარცხონ ეს ყველაფერი და ამ "ბლეფში" მონაწილეობას აზრი არ აქვს. სუსი არის რუსი", - თქვა გიორგი ვაშაძემ.

საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე კვლავ აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 14 სექტემბერს გამოქვეყნდა რუსეთის უკრაინაში ომთან დაკავშირებული ამერიკული სანქციების ახალი სია. რუსეთის საქართველოზე მანკიერი გავლენის გამო ამ სიაში მოხვდა ფარცხალაძის გვარიც.

აშშ-ის განცხადებით, საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე თანამშრომლობდა რუსეთის მთავრობის საქმიანობაში ჩართულ პირთან, ეფესბეს ოფიცერთან, ალექსანდრ ვლადიმირის ძე ონიშჩენკოსთან და ეფესბე იყენებდა ფარცხალაძეს „ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად - რუსეთის სასარგებლოდ“.

იქვე იყო მითითებული, რომ ფარცხალაძეს რუსეთის მოქალაქეობა, სავარაუდოდ, ეფესბეს დახმარებით ჰქონდა მიღებული.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ფარცხალაძის წინააღმდეგ სანქცია მოაქცია ქვეთავში „რუსეთის მანკიერი ზეგავლენა საქართველოში“ და ყოფილი მთავარი პროკურორის სანქცირება საქართველოს უსაფრთხოებას დაუკავშირა.

XS
SM
MD
LG