რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ფხენიანში შეხვდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს და საგარეო საქმეთა მინისტრს.
ლავროვი გამოვიდა წინადადებით, რეგულარულად გაიმართოს უსაფრთხოების საკითხებში მოლაპარაკებები ჩრდილოეთ კორეასთან და ჩინეთთან, მისი თქმით, რეგიონში აშშ-ის მზარდი სამხედრო მუქარის საპასუხოდ.
ასევე ნახეთ ლავროვი რუსებს ჩრდილოეთ კორეაში დასვენებას ურჩევსროგორც ვარაუდობენ, მოლაპარაკებების ყურადღების ცენტრშია ორ ქვეყანას შორის სამხედრო კავშირების გაღრმავება.
შეხვედრა იმართება რამდენიმე დღის შემდეგ მას მერე, რაც შეერთებულმა შტატებმა კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკას ბრალი დასდო, რომ ის რუსეთს ამუნიციით ამარაგებს უკრაინის წინააღმდეგ ომში.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ფხენიანში ოთხშაბათს გაემგზავრა ორდღიანი ვიზიტით.
ვიზიტის პირველ დღეს, მიღებაზე, ლავროვმა თქვა, რომ მადლობას უხდის ჩრდილოეთ კორეას რუსეთის მხარდაჭერისთვის უკრაინის წინააღმდეგ ომში.
გასულ თვეში კიმ ჩენ ინი რუსეთში, შორეულ აღმოსავლეთში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ვიზიტის მსვლელობისას გავრცელდა ინფორმაცია, რომ, სავარაუდოდ, ჩრდილოეთი კორეა რუსეთს ამუნიციის მარაგების შევსებაში დაეხმარება.
როგორც უშიშროების საკითხებში თეთრი სახლის უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ, განაცხადა, აშშ-ს მიაჩნია, რომ კიმს სურს წვდომა ჰქონდეს რუსეთის მაღალ ტექნოლოგიებზე, რომლებიც ფხენიანის ბირთვული პროგრამისთვის არის საჭირო და სანაცვლოდ ამუნიციას სთავაზობს რუსეთს.
თეთრმა სახლმა პარასკევს განაცხადა, რომ უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში გაიგზავნა 1000-ზე მეტი კონტეინერი. რა იყო მათში, ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.